ივანე ჯავახიშვილი

(1876 – 1940)

დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11(23) აპრილს ქ. თბილისში, პედაგოგ ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში.

ჯავახიშვილების გვარის უძველესი წინაპრები მესხეთიდან იყვნენ – თორელები. შემდგომ ისინი გადმოსახლებულან ქართლში, მდ. თეძმის ხეობაში, სოფელ ხოვლეში.

ალექსანდრე ჯავახიშვილსა და სოფიო ვახვახიშვილს ტრადიციული ქართული ოჯახი ჰქონდათ და შვილებსაც სამშობლოსა და დედაენისადმი უსაზღვრო სიყვარულის სულისკვეთებით ზრდიდნენ. 1885 წელს პატარა ივანე თბილისის პროგიმნაზიაში შეიყვანეს. იმ პერიოდის განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ ი. ჯავახიშვილის გიმნაზიის მეგობარი ივანე ნიჟარაძე შემდგომ წერდა: ¨გარუსების ტენდენცია და ქართული კულტურის დევნა სულს უხუთავდა ქართულ შეგნებულ მოწაფეობას. შეგნებული ქართველი ახალგაზრდობა დამოუკიდებლივ სწავლობდა თავის ენასა და კულტურას. მათ შორის საუკეთესო წარმომადგენელი იყო ვანო. მას უკვე გიმნაზიაში ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ შევიდოდა უნივერსირტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე¨.

1895 წლის ივლისში ი. ჯავახიშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და იმავე წლის აგვისტოში შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე. აქ იგი მუშაობდა გამოჩენილი მეცნიერის-ნიკო მარის ხელმძღვანელობით. შეიძლება ითქვას, რომ ი. ჯავახიშვილის მოღვაწეობის პეტერბურგის პერიოდი ერთგვარი შესავალი იყო მისი შემდგომი მოღვაწეობისა. მას კარგად ესმოდა, რომ ქართველოლოგიის ცენტრი თბილისში უნდა ყოფილიყო, საამისოდ კი შესაფერის დროს უცდიდა.

1898 წელს ნაშრომისათვის - ¨ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში¨ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ი. ჯავახიშვილი ოქროს მედლით დააჯილდოვა. 1899 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და, აღმოსავლური ენების ფაკულტეტის დადგენილებით, დატოვებულ იქნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1901 წელს მიავლინეს ბერლინის უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 1902 წლის აპრილ-სექტემბერში ნ.მართან ერთად ქართული ხელნაწერების აღწერისა და შესწავლის მიზნით იმყოფებოდა სინას მთაზე.

1903 წლის 1 იანვარს ი. ჯავახიშვილი დაინიშნა პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტად. ამ თანამდებობაზე იგი 1917 წლამდე მუშაობდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული საისტორიო მეცნიერების ახალი ეტაპის დაწყება XX ს-ის დასაწყისში. მან საფუძველი ჩაუყარა ისტორიის მეცნიერულ -კრიტიკულ და სისტემატიზებულ შესწავლას. პეტერბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა - ¨მამულიშვილობა და მეცნიერება¨ (1904წ.), ¨ საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია¨ (1905წ.), ¨ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფო წყობილება¨ (1905წ.), ¨პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX ს-ში¨ (1905წ.), ¨ზნეობრივი მოძღვრების ისტორია საქართველოში¨ (1906წ.), ¨საქართველოს ეკონომიკური ისტორია¨ ((1906წ.), ¨ქართველი ერის ისტორია¨ წიგნი I (1908 წ.) , ¨ქართული სამართლის ისტორია¨ წიგნი I (1909წ.), ¨ქართველი ერის ისტორია¨ წიგნი II (1914 წ.), ¨ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა,¨ წიგნი I , ¨ძველი ქართული საისტორიო მწერლობა¨ (1916წ.) და სხვ. -უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში.

ი. ჯავახიშვილი არა მარტო დიდი მკვლევარი, არამედ ახალგაზრდა თაობის , მომავალი მეცნიერული კადრების საუკეთესო აღმზრდელიც იყო-მან 1903 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიის შემსწავლელი სექცია, ხოლო 1907 წელს იქვე დააარსა ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე, სადაც მოხსენებებს მშობლიურ ენაზე კითხულობდნენ. ეს ამზადებდა ნიადაგს ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების დასაფუძნებლად, ქართული მეცნიერების განვითარებისათვის.1911-12 წლებში ი. ჯავახიშვილის ინიციატივით სტუდენტთა სამეცნიერო წრემ ჩაატარა ანკეტირება-გაარკვია, რამდენი ქართველი სტუდენტი სწავლობდა რუსეთში და საზღვარგარეთ; რამდენი და რა სპეციალობის ქართველი სწავლული მოღვაწეობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

პეტერბურგის უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ი. ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში – ნაყოფიერად თანამშრომლობდა ¨ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან¨, იყო ¨საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების¨ წევრი, კითხულობდა საჯარო ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, იყო ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში და ა.შ.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ი. ჯავახიშვილი თავის თანამოაზრეებთან : ი. ყიფშიძესთან, აკ. შანიძესთან, შ.ნუცუბიძესთან და სხვებთან ერთად სამშობლოში დაბ

რუნდა და აქტიური ბრძოლა გააჩაღა კავკასიაში პირველი უმაღლესი დაწესებულების – უნივერსიტეტის დაარსებისათვის, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა – 1918 წლის 26 იანვარს ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. ჯერ კიდევ 13 იანვარს გაიმართა უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის სხდომა, რომლის მონაწილეებმა უნივერსიტეტის რექტორობა ი. ჯავახიშვილს შესთავაზეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მისი წინადადებით პირველ რექტორად საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერი პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. თვითონ ი. ჯავახიშვილი იმ დროისათვის ერთადერთი-სიბრძნისმეტყველების -ფაკულტეტის დეკანი გახდა. თუმცა თავად პეტრე მელიქიშვილი აღიარებდა: ¨ ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სულისჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა, აქ მას ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება¨.

¨XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაში გამოჩნდა პიროვნება , - წერს თავის მონოგრაფიაში ¨ივანე ჯავახიშვილი და ქართული კულტურის ზოგიერთი საკითხი¨ აკადემიკოსი როინ მეტრეველი, - რომელმაც თავისი დიდი დაღი დაასვა ჟამთასვლას; ადამიანი, რომელმაც ჭეშმარიტი მამულიშვილობის მისაბაძი მაგალითი უჩვენა თანამედროვეებს, მაგალითი ღრმა მეცნიერული კვლევისა, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულისა, მოძმეთა პატივისცემისა; მოქალაქე და მეცნიერი, რომლის დიდი მცდელობის შედეგია საქართველოში პირველი უმაღლესი განათლების კერის –უნივერსიტეტის დაარსება და საქართველოს ისტორიის კვლევის, ქართული ისტორიოგრაფიის სრულიად ახალი ეტაპის დაწყება¨.

1918 წლის 30 იანვარს ი. ჯავახიშვილმა წაიკითხა ქართულ უნივერსიტეტში პირველი ლექცია თემაზე: ¨ ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფიო მწერლობასა და ცხოვრებაში¨. 1918-19 წლებში მან რამდენიმე ახალი ნაშრომით გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია: ¨ქალაქები, საქალაქო წესწყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII - XVIII სს-ში¨, ¨დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII ს-ში¨, ¨საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული¨ და ა. შ.

1919 წლის 17 დეკემბერს ი. ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. უმძიმეს პერიოდში მოუწია მას რექტორის უაღრესად საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება...

1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოესია. ქვეყნის დამოუკიდებლობის გადასარჩენად დაირაზმა ქართული მხედრობა , ინტელიგენცია,სტუდენტი - ახალგაზრდობა. თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა რექტორის - ი. ჯავახიშვილის მეთაურობით მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს რესპუბლიკის ხელისუფლებას და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგომა ითხოვეს. ი. ჯავახიშვილმა ომში მიმავალ სტუდენტობას შემდეგი სიტყვებით მიმართა: ¨მართალია, გვაკლია იარაღი, გვაკლია საომარი აღჭურვილობა, გვაკლია ბევრი სხვა რამეც, მაგრამ ჩვენ ბრძენ ხალხს უთქვამს: ¨ ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდაც ხისაო¨. ჩვენი ეროვნული კულტურის თეთრი ტაძარი გზას დაულოცავს ყველას , ვინც ბრძოლის ველისაკენ მიეშურება¨. ბოლშევიკების მიერ თბილისის აღების შემდეგ უნივერსიტეტს წითელარმიელების შემოჭრის საფრთხე დაემუქრა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ წესრიგის დაცვა მოითხოვა... ი. ჯავახიშვილის გაუტეხლობამ და პრინციპულობამ თავისი გაიტანა-უნივერსიტეტი აოხრებას გადაურჩა.

რექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი ი. ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის შემდგომ კეთილდღეობას მოახმარა. მისი საზრუნავი და სამოქმედო არე მეტად მრავალმხრივი იყო: ცდილობდა პროფესურის სამეცნიერო დონის ამაღლებას, იბრძოდა პროფესორ-მასწავლებელთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის, იწვევდა სპეციალისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ენერგიულად უჭერდა მხარს უნივერსიტეტთან არსებული სამეცნიერო-დამხმარე დაწესებულებების შენარჩუნებასა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ჩამოაყალიბა უნივერსიტეტის სტამბა (1923 წ.) , შექმნა ახალი ფაკულტეტები-აგრონომიული, პოლიტექნიკური და იურიდიული (სოციალურ-ეკონომიკური) , ყოველმხრივ ეხმარებოდა ხელმოკლე სტუდენტებს, არაერთხელ აღმოუჩენია მათთვის მატერიალური თუ მორალური დახმარება; სტუდენტებისათვის იგი ადამიანობის ეტალონს წარმოადგენდა: იყო ძალზე მომთხოვნი, ამავდროულად უაღრესად კეთილი და ყურადღებიანი.

რექტორობის პერიოდში ი. ჯავახიშვილი განაგრძობდა აქტიურ სამეცნიერო და სასზოგადოებრივ მოღვაწეობას – იყო განათლების სამინისტროსთან არსებული სახელმძღვანელოებისა და სატერმინოლოგიო საქმის მომგვარებელი კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე) , საქართველოს ¨საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების¨ თავმჯდომარე...

იმავე ხანებში დაიბეჭდა ი. ჯავახიშვილის ახალი ნაშრომები: ¨ქართველი ერის ისტორია¨, წიგნი IV, ნაწილი I (1924 წ.), ¨ ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა¨, წიგნი III ნაკვ. I - ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია;¨ ნაკვ. – II ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა¨ (1925-26 წწ.) და ა.შ.

1923 წლის 30 მარტს თსუ-ის პროფესორთა საბჭომ ი. ჯავახიშვილი ახალი ვადით აირჩია რექტორად. სამწუხაროდ, მალე საბჭოთა ხელისუფლებისა და მისი ლაქია ვაი-მეცნიერების მხრიდან დაიწყო ი. ჯავახიშვილის წინააღმდეგ საშინელი ცილისმწამლებლური კამპანია, რასაც 1926 წლის 23 ივნისს მისი რექტორობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

1928 წელს ჟურნალში - ¨საშუალო სკოლისაკენ¨ გამოქვეყნდა თსუ-ის ახალი რექტორის –თედო ღლონტის სტატია, რომელშიც იგი ი. ჯავახიშვილს მიიჩნევდა მოღვაწედ ,ნივერსიტეტს ¨საშუალო საუკუნეების კულტურისაკენ¨ რომ მიაქანებდა. 1928 წელს საზეიმოდ აღინიშნა უნივერსიტეტის დაარსების 10 წლისთავი, რომლის მსვლელობის დროს არავის წამოსცდენია სიტყვა ი. ჯავახიშვილის მიერ უნივერსიტეტის დაარსების საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ. ბევრი მოქალაქე გრძნობდა ი. ჯავახიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის უსამართლობას, ჩუმად თანაუგრძნობდა ,მხარდაჭერის გამომხატველ წერილებს უგზავნიდა სახლში, მაგრამ ხმამაღლა , საჯაროდ მის გამოქომაგებას ვერავინ ბედავდა.

1926-31 წლებში ი. ჯავახიშვილი განაგრძობდა მოღვაწეობას თსუ-ში , იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, გამოსცა ¨ქართული სამართლის ისტორიის¨ II წიგნი...

საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1930 წლის 7 ივლისის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა თსუ-ის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე 4 სპეციალური სასწავლო ინსტიტუტი შეიქმნა. განათლების სახალხო კომისარიატის 1931 წლის 28 მაისის დადგენილების საფუძველზე ი. ჯავახიშვილი გააძევეს პედაგოგიური ინსტიტუტიდან ¨კონდრატიევშჩინას¨ მავნებელთა ჯგუფის მიმართულების თანამოაზრეობის ბრალდებით. ეს იყო შემზარავი უმადურობა უნივერსიტეტის დამარსებლის მიმართ.

1931 წლის 27 სექტემბერს ი. ჯავახიშვილი დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტად. 1933 წლის 8 იანვარს აღდგენილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 17 თებერვალს ი. ჯავახიშვილი თსუ-ის საქართველოს ძველი ისტორიის კათედრის გამგედ დაინიშნა, სადაც იგი 1935 წლამდე მუშაობდა.

ამ პერიოდში განახლდა დაუნდობელი ბრძოლა ი. ჯავახიშვილის წინააღმდეგ, რომლის კულმინაციას წარმოადგენდა თსუ-ის რექტორის – კარლო ორაგველიძის მიერ 1936 წლის 23 მარტს ისტორიის ფაკულტეტის საბჭოზე წაკითხული მოხსენება - ¨საქართველოს ისტორიის საკითხისათვის¨ , სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა ი. ჯავახიშვილის შემოქმედება , უწოდა მჩაგვრელი კლასის აპოლოგეტი, ხოლო მისი მისი დამსახურება ქართული მეცნიერების წინაშე მარტოოდენ ემპირიული მასალების , ფაქტების შეგროვებასა და მათ სისტემატიზაციამდე დაიყვანა. ი. ჯავახიშვილმა პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო – 1936 წლის 10 აპრილს განათლების სახალხო კომისარს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აუწყებდა უნივერსიტეტში მოღვაწეობისათვის თავის დანებების შესახებ.

მალე ი. ჯავახიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია შეწყდა და 30-იანი წლების მიწურულს სრულად დაფასდა მისი უდიდესი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე – 1936 წელს მიიწვიეს კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (შემდგომში ენიმკი) მუდმივ სწავლულ-კონსულტანტად; 1937 წლის 13 მარტს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილების გამგედ; 1937 წელს დაინიშნა შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის დირექტორად;მისი თაოსნობით თბილისში მოეწყო ¨ვეფხისტყაოსნის¨ 750 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა; 1937 წლის 27 დეკემბერს თბილისში გამართულ სსრკ-ის მწერალთა კავშირის V პლენუმზე წაიკითხა მოხსენება - ¨რუსთაველის ეპოქის საქართველოს სოციალური კულტურა და პოემა ¨ვეფხისტყაოსანი¨. 1938 წლის 25 მაისს თსუ-ის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სამეცნიერო სესიაზე ი. ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება ¨ბრძოლა საქართველოში უნივერსიტეტის დაარსებისათვის¨ , რომელშიც გაიხსენა კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის დაარსების წინაპირობები , ბრძოლის პერიპეტიები და ა.შ. იგი შემდეგი სიტყვებით მოძღვრავდა სტუდენტ-ახალგაზრდობას: ¨მხოლოდ საფუძვლიანი ცოდნა მისცემს მათ შესაძლებლობას, ღირსეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში. უნდა ახსოვდეთ , რომ სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე. გულცივი , გულგრილი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასოდეს დიდ საქმეს; უნდა უყვარდეს ყოველ მათგანს თავისი ხალხი ,უნდა უყვარდეს მეცნიერება, უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას , რომ შეალიოს თავისი ძალა მეცნიერებასაც და ხალხსაც. სამეცნიერო მუშაობა ბედნიერებაა. ეს ისეთი ბედნიერებაა , რომელიც ყველას ხვედრს არ წარმოადგენს და ვინც ისეთი ბედნიერია , რომ ბუნებისაგან დაჯილდოებულია ნიჭით , რომ მას აქვს ნებისყოფა , აქვს აგრეთვე გატაცება , ის უნდა გრძნობდეს , რომ ვალდებულია სამაგიერო გადაუხადოს იმ ერს , რომლისგანაც ის წარმოშობილია¨.

1938 წლის 15 ივნისს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ი.ჯავახიშვილი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. იმავე წელს აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად , უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. 1939 წელს აირჩიეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

30-იან წლებში ი. ჯავახიშვილის რამდენიმე ნაშრომი დაიბეჭდა , კერძოდ , ¨სოციალური ბრძოლის ისტორია საქართველოში IX-XII სს-ში¨ (1934 წ.), ¨ძველი სომხური საისტორიო მწერლობა¨, წიგნი I (1935 წ.), ¨ ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია¨ (1937 წ.), ¨ ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა¨ (1937 წ.), ¨ქართული მუსიკის ისტორიის საკითხები¨ (1938 წ.) და ა. შ

ი. ჯავახიშვილი 1940 წლის 18 ნოემბერს ლექციის კითხვის დროს გულის უეცარი შეტევის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალეს 21 ნოემბერს თსუ-ის ეზოში პირველი რექტორის –პ.მელიქიშვილის გვერდით. 1953 წელს მის საფლავზე დაიდგა მოქანდაკე თ. ღვინიაშვილის მიერ შესრულებული ქანდაკება. 1975 წელს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან გაიხსნა ი. ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიის სასწავლო-მემორიალური კაბინეტი, სადაც წარმოდგენილია მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მემორიალი მასალები და სამეცნიერო ლიტერატურა (1998 წელს, თსუ-ის დაარსებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, კაბინეტი საფუძვლიანად გაფართოვდა და ახალი ექპონატებით შეივსო).

1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.