ისტორია

« 1 2 3
 
1922 წლის 6 აპრილს პროფესორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორთა საბჭოს წარუდგინა მომავალი სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის სასწავლო გეგმის პროექტი. 1992 წლის 7 ივნისს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოწონებულ იქნა წარმოდგენილი გეგმა. 1922 წლის 16 ივნისს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის წარდგინების საფუძველძე შექმნა სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი, რომელიც შედგებოდა სოციალური (სამართლებრივი) და ეკონომიკური განყოფილებებისაგან.

1922 წლის 24 ივნისს ფაკულტეტის პირველ დეკანად აირჩიეს პროფესორი შალვა ნუცუბიძე, ხოლო მდივნის მოვალეობის შესრულება დაევალა დოცენტ გ.ანთაძეს.

სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე პირველ სემესტრში დოცენტი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი კითხულობდა სამართლის შესავალსა და სამოქალაქო სამართალს; რომის სამართლის წასაკითხად მოწვეულ იქნა გამოჩენილი ცივილისტი პროფესორი ი. ღამბაროვი.

1922 წლის 29 დეკემბერს სოციოლოგიის კურსის წასაკითხად მოწვეულ იქნა სამართლის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტი ალექსანდრე ვაჩეიშვილი.

1923 წლის დასაწყისში საერთაშორისო სამართლის კათედრაზე ლექტორად არჩიეს ე.ტატიშვილი, სახელმწიფო სამართლის კათედრაზე – იურიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - ი.სურგულაძე, რომელმაც 1927 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი `ხელისუფლება და სამართალი~. 1926-1929 წლიდან უნივერსიტეტში იწყება რეორგანიზაციის წლები, რომელიც სოციალურ-ეკონომიურ განყოფილებასაც შეეხო: 1930 წელს მის ბაზაზე შეიქმნა საფინანსო-კორპორაციული და საბჭოთა აღმშენებლობის სამართლის ინსტიტუტი.

1933 წლის სექტემბრისათვის უნივერსიტეტში არსებობდა საბჭოთა მშენებლობისა და სამართლის ფაკულტეტი (დეკანი – პროფესორი ი.სურგულაძე). ფაკულტეტზე ისწავლებოდა სამართლის ზოგადი თეორია, სამეურნეო სამართალი, სისხლის სამართალი და საბჭოთა აღშენებლობის სამართალი.

1934 წლის 9 ოქტომბრიდან, რექტორის ბრძანებით, საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ფაკულტეტს ეწოდა საბჭოთა სამართლის ფაკულტეტი.

1935-1936 წელს სამართალმცოდენეობის ფაკულტეტზე კვლავ განხორციელდა ცვლილება: საბჭოთა სამართლის ფაკულტეტს ეწოდა დღევანდელი სახელწოდება - იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო საბჭოთა სამართალი, რომელიც ფაკულტეტის სახელწოდება იყო, 1977 წელს საბჭოთა სამართალის საფუძვლების კათედრის სახით შემოღებულ იქნა იურიდიულ ფაკულტეტზე. გარდა ამისა, იურიდიულ ფაკულტეტზე ეტაპობრივად მიმდინარეობდა სხვადასხვა კათედრების შექმნა: 1922 წელს შეიქმნა სამოქალაქო სამართლის კათედრა; 1947 წელს სახელმწიფო სამართლისა და თეორიისა კათედრა; ამავე წელს დაარსდა სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრა; 1984 წელს საფუძველი ჩაეყარა სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, კრიმინოლოგიისა და კრიმინალისტიკის კათედრას; 1989 წელს ჩამოყალიბდა სამართლის საფუძვლების კათედრა.

1955 წლიდან უნივერსიტეტში მიმდინარეობდა სტუდენტთა კონტიგენტის შემცირება, რაც აისახა ფაკულტეტებზე საშტატო ერთეულების რაოდენობრივ მაჩვენებელზე. კერძოდ, გაუქმებულ იქნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის საშტატო ერთეული; გაერთიანდა რამდენიმე კათედრა. 1956 წელს იურიდიულ ფაკულტეტზე საღამოს სწავლებაზე ჩაირიცხა 25 კაცი. იურიდიული ფაკულტეტი იყო პირველი უნივერსიტეტში, სადაც საფუძველი ჩაეყარა საღამოს სწავლებას.

2005 წლამდე იურიდიულ ფაკულტეტზე მიმდინარეობდა ერთსაფეხურიანი სწავლება, რომელის ხანგრძლივობა 4-დან 5 წლამდე შუალედში მერყეობდა.

2005 წლიდან იურიდიული ფაკულტეტზე დაიწყო რეფორმები, კერძოდ, საქართველოს სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემის ბოლონიის პროცესთან მიერთების შემდეგ შემოღებულ იქნა სამსაფეხურიანი სწავლება.

იურიდიული ფაკულტეტი ჩამოყალიბებიდან საქართველოში სამართლებრივი განათლების დაუფლების მთავარი კერა იყო. დაარსებიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა იურიდიული ფაკულტეტის გაფართოება, პროფესორებისა და სტუდენტების ზრდა, პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის აღიარება.

დღესდღეობით, უმაღლესი იურიდიული განათლება უნივერსიტეტში ეფუძნება საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებს, ასევე, მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის საუკეთესო პრაქტიკასა და ტრადიციებს. ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ იმ მიზნით, რათა მომავალ თაობებს გაუზიარონ საუკეთესო საგანმანათლებლო გამოცდილება და გაამართლონ უნივერსალური საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებლის ივანე ჯავახიშვილი სიტყვები: "ქართული უნივერსიტეტი ერთსა და იმავე დროს სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და ცდის დაწესებულებაც უნდა იყოს და უმაღლესი სამეცნიერო სასწავლებელიც, სადაც მეცნიერების შესწავლა და სამეცნიერო მუშაობის მეთოდებისა და პრაქტიკის შეთვისება შესაძლებელი იქნება."

უნივერსიტეტის არსის განმსაზღვრელი ორიენტირებისა და მისი განხორციელების მეთოდების მიზანმიმართულად განსაზღვრა თანამედროვე ევროპულ განათლებასთან ინტეგრირების საშუალებით მიგვიყვანს საქართველოში უმაღლესი იურიდიული განათლების სრულყოფასთან და ხელს შეუწყობს მის განვითარებას.
« 1 2 3