ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში ახორციელებს სასწავლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს, უზრუნველყოფს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობას და მუდმივად ზრუნავს სასწავლო და სამეცნიერო პირობების გაუმჯობესებაზე.
ფაკულტეტზე  50 -მდე ნაციონალური და უცხოური სამეცნიერო ფონდიდან დაფინანსებული სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. ყოველწლიურად საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობით და  სამეცნიერო კვლევის შედეგების უცხოურ ჟურნალებში პუბლიცირებით ღრმავდება კონტაქტები სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებთან თუ უნივერსიტეტებთან. მხოლოდ 2009 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა  იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში 70 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პერსონალი და სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ მეცნიერებასა და უნივერსიტეტში სხარტი, მოტივირებული თაობის მოზიდვის მიზნით გამართულ ღონისძიებებში. აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში ”საბავშვო უნივერსიტეტის” ლექციებსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს 2009 წლის 20–29 ივლისს ფაკულტეტმა სკოლის მოსწავლეთათვის  საზაფხულო სამეცნიერო აკადემიაც დაუმატა. აკადემია ემსახურება მიზანს გააცნოს ახალგაზრდა თაობას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ინტერდისციპლინარული, ფუნდამენტალური და გამოყენებითი ასპექტები და   გაუღრმავოს ცოდნა და ინტერესი ზემოთ აღნიშნულ მეცნიერებების მიმართ.

 ინფორმაციას ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტიურობის შესახებ ფაკულტეტის წლიურ სამეცნიერო ანგარიშში გაეცნობით.