2019-11-28
საერთაშორისო კონფერენცია - „მწვანე მობილიზაცია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქალაქებში"
28 ნოემბერს, 17:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „მწვანე მობილიზაცია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქალაქებში (GreeMo)” გაიხსნება. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლაიბნიცის სახელობის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის ((IfL) გერმანია), ებერჰარდ კარლსის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტის (ყირგიზეთი) ორგანიზებით სამი დღის განმავლობაში ჩატარდება.
კონფერენცია თავს მოუყრის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მწვანე მობილიზაციის საკითხებზე მომუშავე აქტივისტებსა და მკვლევრებს. ამასთან, წარმოდგენილნი იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მუნიციპალური მთავრობისა და გეგმარებითი სტრუქტურების წარმომადგენლები.
საქალაქო სივრცეების კომერციალიზაციამ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქალაქებს მრავალი ეკოლოგიური პრობლემა მოუტანა, რაც დაკავშირებულია გამჭიდროებულ განაშენიანებასთან და მწვანე სივრცეების შემცირებასთან. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში რეგიონის ქალაქებმა გადაწყვიტეს, განვითარების ჩარჩოდ აიღონ ე.წ. „სმარტ-ქალაქების“ კონცეფცია, ხოლო გარკვეული ძვრები აღინიშნება მდგრადი ენერგეტიკის, მულტიფუნქციური მიწათსარგებლობისა და ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის სფეროებში, გეგმა-სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება ხდება „ზემოდან ქვემოთ,“ სამოქალაქო საზოგადოების ფართო მონაწილეობის გარეშე.
საგულისხმოა, რომ მწვანე მოძრაობებისა და სათემო მობილიზატორების ხმა, მათი პოლიტიკური მარგინალიზაციის მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში სულ უფრო მკაფიოდ ისმის. ამის მიუხედავად, რეგიონის ურბანული მწვანე მოძრაობები აკადემიური სფეროს ინტერესის მიღმა რჩება.
„მწვანე მობილიზაციების“ მიზანს ამ ნაკლებად შესწავლილი, თუმცა სულ უფრო მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ შედარებითი, კომპარატიული კვლევების წახალისება წარმოადგენს. კონფერენციის კიდევ ერთი ამოცანა ურბანული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მწვანე მოძრაობების როლის გამოკვლევა და შესაბამისი თანამშრომლობის ქსელების შექმნაა.
მისამართი : ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი, 07 აუდიტორია;
საჯარო პრეზენტაციები:
ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 17:30 სთ
I კორპუსი, 07 აუდიტორია
მშენებლობა და მწვანე სივრცეები თბილისში - თანაარსებობის გამოწვევები
სპიკერები: გულნარა ჯურაბაევა, თამარ ჯაყელი, ირაკლი ჟვანია
პარასკევი, 29 ნოემბერი, 17:30 სთ
I კორპუსი, 317-ე აუდიტორია
მშენებლობა და საცხოვრისი თბილისში
სპიკერები: იოსებ სალუქვაძე, გვანცა ნიკოლაიშვილი, ნანო ზაზანაშვილი, ლადო ვარდოსანიძე
შაბათი, 30 ნოემბერი, 17:30 სთ
I კორპუსი, 07 აუდიტორია
ტრანსპორტი და მობილობა თბილისში
სპიკერები: გიორგი ბაბუნაშვილი, ხათუნა გველესიანი, ეკა ლალიაშვილი (tbc)
სამუშაო ენა: ინგლისური, რუსული.
« იხ. ყველა ანონსი