2019-11-27

ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

27ნოემბერს, 10.30საათზე,  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. სიმპოზიუმი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 27-30 ნოემბერს გაიმართება.  სპეციალურად სიმპოზიუმისთვის შექმნილ თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ექსპერტთა კომისიის მიერ ორმაგი ანონიმური რეცენზირების შედეგად  შეირჩა 90-მდე ახალგაზრდა მეცნიერის თეზისები. 
სიმპოზიუმში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხსენებლები  იტალიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ლატვიის, სერბეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის უნივერსიტეტებიდან.
ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის გუნდის მიდგომები მუდმივად იხვეწება და ვითარდება, მიზანი ერთია: მეცნიერული ეთიკისა და კვლევის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, არსებული აკადემიურ გამოცდილების გათვალისწინება როგორც ადგილობრივ, ისე – საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე. წელს სიმპოზიუმზე წაკითხული საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდება ორენოვან საერთაშორისო ჟურნალში „TSU-ti“, რომელიც სიმპოზიუმის ბაზაზე შეიქმნა.
2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ეძღვნება თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის სწავლისა და კვლევის ასწლოვან ტრადიციას. ქართულ სამეცნიერო სივრცეში ჩამოყალიბებული აღმოსავლური ფილოლოგია სრულად პასუხობს ბოლო ხანებში მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში არსებულ მიდგომებს, რომლებიც გულისხმობს ფილოლოგიის არსისა და დანიშნულების რევიზიონისტულ გადასინჯვას, მის ახლებურად დანახვას, ძირითადად ტექსტოლოგიად და წყაროთმცოდნეობის სფეროდ გაგებული ფილოლოგიის ვიწრო მასშტაბების გაფართოებასა და ინტეგრაციას სხვა სამეცნიერო დარგებთან.  
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი სიმპოზიუმის პროგრამა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. მონაწილეთა წინაშე წარსდგებიან პლენარული მომხსენებლები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, დაგეგმილია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისლამოლოგის – შტეფან ვაიდნერის წიგნების ქართული თარგმანების წარდგენა მკითხველის წინაშე („კურთხეულ იყვნენ უცხონი“ და „მუჰამედური ცდუნებები“), ასევე დაგეგმილია აღმოსავლური კალიგრაფიის ნიმუშების გამოფენა და ვორკშოპი. განსაკუთრებით საინტერესო იქნება თსუ ბიბლიოთეკის კოლექციებში დაცული რარიტეტული აღმოსავლური წიგნების გამოფენა, რომელიც აერთიანებს არაბულ, სპარსულ, ოსმალურ, ებრაულ, სირიულ და ეთიოპურ ენებზე შესრულებულ ნამუშევრებს.
2019 წლის სიმპოზიუმი განხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.


მისამართი. ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპ, სააქტო დარბაზის ფოიე.
« იხ. ყველა ანონსი