2019-04-08
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეშვიდე ნომრის პრეზენტაცია
8 აპრილს, 12 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეშვიდე ნომრის პრეზენტაცია.
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაარსდა. ამჟამად გამოცემულია ჟურნალის 7 ნომერი. ჟურნალი ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევრებსა და დოქტორანტებს გააცნონ საკუთარი ნაშრომები ფართო აკადემიურ საზოგადოებას.
ჟურნალი არის ღია ხელმისაწვდომობის საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემა (აქვს საერთაშორისო ISSN კოდი). სტატიები გამოქვეყნებამდე გადის ორმაგ ფარულ რეცენზირებას. შიდა რეცენზირებას ახორციელებენ რედკოლეგიის წევრები, რის შემდეგაც სტატია იგზავნება გარე რეცენზირებაზე საერთაშორისო ექსპერტებთან.
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეშვიდე გამოცემაში სტატიებში მოცემულია საერთაშორისო ურთიერთობის, საჯარო მმართველობის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოწვევების ანალიზი.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 202–ე აუდიტორია.