2019-04-22

ქართული ენის კვირეულის დახურვა

22 აპრილს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის დახურვას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.
ქართული ენის კვირეულის დასასრულს, გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის უნივერსიტეტის ჯილდო გადაეცემათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთ (დიპლომატი, უცხოელი ქართველოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ღვაწლმოსილი მეცნიერი, ახალგაზრდა მეცნიერი, მთარგმნელი). გამარჯვებულები უნივერსიტეტის პროფესორებისა და საზოგადო მოღვაწეებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. 
ღონისძიების ფარგლებში დაიხურება გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“, რომელზეც წარმოდგენილია გვიანი შუა საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია - აკაკი შანიძის „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“(1920 წ.), საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები(1978 წ.), უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები და სხვა მასალა.  
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართა კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სტუდენტური ექსპედიციების მასალათა პრეზენტაცია, გამოცემათა პრეზენტაციები, თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და სხვა ღონისძიებები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი. 

« იხ. ყველა ანონსი