2019-04-01
სკოლა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019"
1 აპრილს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება სეზონური სკოლა, რომელიც „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ ფარგლებში იმართება.
სეზონურ სკოლაში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, აგრეთვე, ქართული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები. სეზონური სკოლა, რომელიც 3 აპრილამდე გაგრძელდება, თსუ-ს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიულ ზრდას. სკოლა-კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია, მოიცავს კვების, ჯანდაცვის, აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებებს.
ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია