2019-11-14

მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi თსუ-ში

14 ნოემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2019 გაიხსნება. მესამე საერთაშორისო ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემებთან მუშაობას ეხება და  მიზნად ისახავს შთაგონებას, ცოდნის გადაცემას, ახალი ხალხის გაცნობასა და კოლაბორაციას. 
ღონისძიება აერთიანებს ნიჭიერ და აქტიურ მონაწილეებს: ჟურნალისტებს,  სოციოლოგებს, ბიზნესისა და მარკეტინგის წარმომადგენლებს, სხვადასხვა სექტორის აქტივისტებს,  რომლებიც მუშაობენ მონაცემებზე. ორი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, მესამე და ყველაზე მასშტაბური გამოშვებით ბრუნდება.  
წელს, ღონისძიების მასშტაბი  მონაწილეთა რაოდენობის გამო გაორმაგდა. DataFest-ს  ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე დაესწრება მსოფლიოს 24 ქვეყნიდან (4 კონტინენტიდან). ფესტივალზე 80-მდე ვარსკვლავური სპიკერი და ტრენერი წარმოაჩენს საკუთარ ორგანიზაციას (Google, Facebook, Amazon და სხვა).  2019 წლის დატაფესტის ძირითადი თემებია: ამბის თხრობა მონაცემებით, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech), მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის, მონაცემები და კიბერუსაფრთხოება, ღია მონაცემები და მონაცემებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება, მონაცემები ადამიანის უფლებებისთვის, მონაცემთა სტარტაპები, მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, მონაცემები მედიცინასა და ჯანდაცვაში, მონაცემები გონიერი ქალაქებისთვის (Smart cities). 
ფესტივალი სამივე დღეს თსუ-ში გაიმართება და  16 ნოემბერს დასრულდება. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი 

« იხ. ყველა ანონსი