თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური აქციების მსვლელობისას თსუ კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა
მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. გაფრინდაშვილის განცხადებით, მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას აკისრებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომელმაც ვერ უზრუნველყო სენატის შეკრება.
14 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ორი საპროტესტო აქცია ერთდროულად გაიმართა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებზე შეიკრიბნენ სტუდენტები, რომლებიც თსუ კანცლერობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას, თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის ხარჯვას და უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების არსებობას აპროტესტებდნენ. უნივერსიტეტის ეზოში კი თვითმმართველობის მხარდამჭერი სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებიც უნივერსიტეტის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევას, სენატის სხდომის ჩატარებას, უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობას აპროტესტებდნენ. ორ სტუდენტურ ჯგუფს შორის თსუ დაცვის სამსახური, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩადგნენ. თსუ რექტორმა სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროცესები არ უნდა გაცდეს კანონის ჩარჩოებს. თსუ-ში პარალელური სტუდენტური აქციები პირველ კორპუსში და მიმდებარე ტერიტოტიაზე გრძელდება.