ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-11-24

სტუდენტთა IV ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაში თსუ-სთან ერთად დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  სტუდენტები და პროფესორები მონაწილეობენ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავს ეძღვნება. თსუ რექტორის მოადგილის იოსებ სალუქვაძის განცხადებით, „კონფერენციაზე პირველი მსოფლიო ომის წინაპირობებსა და შედეგებზე იქნება საუბარი. არსებობს თემები, რომელთა გააზრებაც აუცილებელია, რათა კაცობრიობამ  თავიდან აიცილოს მსგავსი მოვლენები. ამას კი ფიზიკური ქმედებების გარდა, ინტელექტუალური ქმედება, საკითხის მეცნიერული შესწავლა უფრო სჭირდება.“
„მსგავსი  შინაარსის კონფერენციები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სათანადო გაკვეთილები გამოვიტანოთ, თავი ავარიდოთ მომავალში სიტუაციის გამწვავებას, გავათვითცნობიეროთ - რა შედეგები მოჰყვა ომს, რა გავლენა მოახდინა კაცობრიობის განვითარებაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უსაფრთხოების თვალსაზრისით,“- აღნიშნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნათელა დოღონაძემ.
„ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენელთა კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია თემატური კვლევების იმ უნარების განვითარებისთვის, რომელიც ჩვენს კურსანტებს მომავალში სამეცნიერო საქმიანობისთვის დასჭირდებათ,“ - განაცხადა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასკოლო-სამეთურო შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იროდი ქადაგიშვილმა.



Print

« იხ. ყველა სიახლე