2014-12-23

თსუ-ში იოსებ ყიფშიძის ბიუსტი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის იოსებ ყიფშიძის საფლავზე ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
იოსებ ყიფშიძის საფლავზე ბიუსტის დადგმა 2013 წლის 23 დეკემბერს დიდუბის პანთეონიდან თსუ პანთეონში ყიფშიძის ნეშტის გადმოსვენების შემდეგ გადაწყდა. ბიუსტის ავტორია ლევან მჭედლიძე.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ უნივერსიტეტის ეზო, ამავე დროს, უნივერსიტეტის დამფუძნებელთა პანთეონია. დედაუნივერსიტეტის რამდენიმე დამფუძნებელი არ იყო პანთეონში დაკრძალული, მათ შორის იოსებ ყიფშიძეც. მისი ნეშტი თსუ პანთეონში შარშან გადმოვასვენეთ. წლისთავზე კი იოსებ ყიფშიძის საფლავზე ბიუსტი დავდგით. უნივერსიტეტის წინაშე მისი დამსახურებისთვის მან იპოვა სამუდამო სასუფეველი უნივერსიტეტის პანთეონში.“
„მნიშვნლოვანი ფაქტია, რომ იოსებ ყიფშიძე უნივერსიტეტის პანთეონში დაიკრძალა და ბიუსტიც გაიხსნა. ეს არის მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანისადმი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის უნივერსიტეტის წინაშე. მისი ადგილი ჭეშმარიტად აქ არის - მისი თანამებრძოლების და მისი გუნდის წევრების გვერდით,“- აღნიშნა იოსებ ყიფშიძის ნათესავმა ეთერ ქავთარაძემ.
იოსებ ყიფშიძე (1882-1919) დიდი ქართველი ფილოლოგი და ენათმეცნიერია. 1911 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. 1915 წლიდან იყო პრივატ-დოცენტი, კითხულობდა ქართული ენის კურსს. 1917 საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში, იყო გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი. იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები "დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ" (1911), "მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით" (1915) და სხვ.

Print

« იხ. ყველა სიახლე