ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიკოსი სტუდენტები საქართველოს ერთ-ერთ წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკაში გაივლიან პრაქტიკულ კურსს. თსუ-სა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ და ინსტიტუტის დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა ნინო ჯღამაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ეხსნებათ ახალი შესაძლებლობები და საშუალება ექნებათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გაიარონ პრაქტიკა. მომავალში ვგეგმავთ ერთობლივი სასწავლო პროგრამის განხორციელებას. საქართველოში პირველად ისწავლიან სტუდენტი-მედიკოსები სამედიცინო ფიზიკის მიმართულებაზე, მომზადდებიან ამ მიმართულების სპეციალისტები.“
„კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ოფიციალურად გახდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-პრაქტიკული ბაზა თსუ სტუდენტებისთვის. საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი, დედაუნივერსიტეტის ნაწილად ყოფნა დიდი პატივია ჩვენი კოლექტივისთვის. კლინიკის მთელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინტელექტუალური პოტენციალი მოხმარდება სტუდენტი მედიკოსების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას,“- აღნიშნა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა
ფრიდონ თოდუამ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები აცნობიერებენ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას განათლების, სამედიცინო მეცნიერებისა და ჯანდაცვის დარგში, რაც წარმოადგენს მათ საერთო ინტერესს; მიზნად ისახავენ სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი განათლების მიცემას, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას; ინსტიტუტი წარმოადგენს უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზას საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში; მხარები ხელს შეუწყობენ განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე საექსპერტო საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სისტემის სტრუქტურის, სასწავლო გეგმების, დიდაქტიკური მასალების განვითარებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.