2015-04-16

ვლადიმერ პაპავას წიგნის „საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნის „საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„საქართველოს დამოუკიდებლობა  თითქმის 25 წელს ითვლის, საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ბევრი რამ შეიცვალა, ზოგი სწორი მიმართულებით, ზოგი კი მცდარი. ამიტომ, ეს წიგნი არის გარკვეულწილად ასახვა და გაანალიზება იმისა, თუ როგორ შეიცვალა საქართველოს ეკონომიკა ამ 25 წლის განმავლობაში, როგორი არის დღეს ამოცანები, რა გამოწვევების წინაშე დგას და საით უნდა განვითარდეს. წიგნი ორიენტირებულია სტუდენტებზე, ანუ მკითხველთა იმ წრეზე, რომელსაც სურს უკეთ იცნობდეს საქართველოს ეკონომიკას. როგორც ავტორი, ვეცადე წიგნი დამეწერა ისეთი ენით, რომ ფართო აუდიტორიისთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. როგორ იქნა მიღწეული ეს მიზანი,  მკითხველი შეაფასებს“, - განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
წიგნში განხილულია იმ ეკონომიკური რეფორმების არსი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე განხორციელდა. გაანალიზებულია საქართველოს ეკონომიკის რეფორმების როგორც მიღწევები, ისე ამ პროცესში დაშვებული შეცდომებიც. გამოკვეთილია უახლოეს მომავალში საქართველოში გასატარებელი ეკონომიკური რეფორმების მაგისტრალური გზა.
„ეს წიგნი არის მოვლენა ქართული ეკონომიკური მეცნიერების ცხოვრებაში. ავტორმა წარმოადგინა ამ წიგნის სახით ის ნაფიქრალი და ნააზრევი, რომელიც ყალიბდებოდა წლების მანძილზე. ვლადიმერ პაპავა გახლდათ უშუალო მონაწილე იმ პროცესებისა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ვითარდებოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  და ის ინფორმაცია, რომელიც ამ წლების მანძილზე დაგროვდა, მის წიგნში არის თავმოყრილი და სისტემატიზირებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი და ვიმედოვნებ, სამაგიდო წიგნი გახდება თითოეული ეკონომისტისათვის, მიუხედავად იმისა, რა სფეროში, რა პრობლემაზე მუშაობს იგი“, - აღნიშნა თსუ პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა.
წიგნი განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისთვის, ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, პროფესორებისათვის, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკის აქტუალური პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.


Print

« იხ. ყველა სიახლე