ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრაში, რექტორის მოადგილეები დარეჯან თვალთვაძე და მერაბ ელიაშვილიც მონაწილეობდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილიც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ თსუ რექტორმა განაცხადა:
„მე არ ვაპირებ გადადგომას. მე ავუხსენი სიტუაცია თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ისინი მიმართავენ იმ ფორმას, რაც შეარჩიეს და რჩებიან აკადემიური საბჭოს ოთახში. მე მათ პირობა მივეცი, რომ მათზე არ განხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა, ზეგავლენა დაცვის სამსახურის ან პოლიციის მხრიდან. ეს პროცესები ხელს აძლევს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, რომ ეს არეულობა გადაედოს მერე მთელ ქვეყანას. ეს ძალები არსებობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ვისაც ქვეყანა და უნივერსიტეტი უყვარს ყველამ უნდა ავიცილოთ დესტაბილიზაცია თავიდან.“
რექტორმა კომენტარი გააკეთა თსუ დაცვის სამსახურის მუშობაზე და აღნიშნა, რომ დაცვის სამსახური მაქსიმალურად ცდილობს თავისი ფუნქციების განხორციელებას. უნივერსიტეტს არ ჰყავს ამ სიტუაციისთვის საკმარისი რაოდენობის დაცვა, ამიტომ საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. მისი თქმით, მარტო დაცვის სამსახური ვერ უზრუნველყოფდა ახალგაზრდების დაშორიშორებას.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა საიას ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა:
„სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ დაცვის სამსხური და პოლიცია ეფექტურად ასრულებს თავის მოვალეობას. მათ ვერ აღკვეთეს რექტორის ოთახში შეჭრის ფაქტი. ასევე ჩნდება კითხვები, როგორ ახერხებენ ერთი ჯგუფის წარმომადგენლები შენობაში შემოსვლას, როცა მეორე ჯგუფის წევრები ვერ შემოდიან. დაცული უნდა იყოს თანაბრობის პრინციპი. პოლიციის ვალდებულებაა არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება.“