ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ინიციატივით დაფუძნდა საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პროფესორები, ეკონომიკის ექსპერტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების დაარსების მიზანი არის მეცნიერ- ეკონომისტების კადრების კონსოლიდაცია, რათა უფრო მკაფიოდ ისმოდეს ქვეყანაში ეკონომისტთა ხმა. სამწუხაროდ, ხშირად გარკვეულ საკითხებზე გვესმის აბსოლუტურად არაკომპეტენტური შეფასებები და, ხშირ შემთხვევაში, უფრო პოლიტიკურად გაჯერებული მოსაზრებები, ვიდრე ნამდვილი ეკონომიკური ანალიზი. ვფიქრობ, ასეთი საზოგადოების დაარსება, შექმნის იმის პირობას, რომ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია უფრო კვალიფიციური იქნება და, რაც მთავარია, ბაზა იქნება პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში, რომლის თანამშრომლებიც გახდებიან ამ საზოგადოების წევრები. ის გამოცდილება, რომელიც ამ ინსტიტუტში წლების განმავლობაში დაგროვდა, გამოყენებული იქნება, გარკვეულწილად, იმისათვის, რომ ეკონომისტები მხარში დაუდგნენ ჩვენ სახელმწიფოს განვითარებაში.“
„დღევანდელი ღონისძიება მნიშვენელოვანია, რადგან ქართველი ეკონომისტები ერთობლივად ქმნიან მეცნიერ-ეკონომისტთა საზოგადოებას. ეს ხდება თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინიციატივით, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ღვაწლი ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ნებისმიერი გაერთიანება ძალიან კარგი საქმეა, მითუმეტეს ეკონომისტების, რადგან ჩვენ, მათ შორის მთვრობას, ნამდვილად სჭირდება რჩევები, თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა. საქართველოს სჭირდება ალტერნატიული მოსაზრებები დღევანდელ ეკონომიკასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, თსუ პროფესორმა
ნოდარ ხადურმა.
„მსგავსი საზოგადოებების შექმნა მსოფლიოში მიღებული ფორმაა. საქართველოში არსებობს რამდენიმე საზოგადოება, მაგალითად: არქიტექტორთა, დემოგრაფთა და ა.შ. ჩვენი საზოგადოებაც ასეთი დატვირთვის მატარებელია. უპირველეს ყოვლისა, ამ საზოგადოების მეშვეობით, მოხდება ქართველ ეკონომისტთა კონსოლიდირება, მათი პიროვნული შედეგიანობის ამაღლება. ამასთან, გავაღრმავებთ საერთაშორისო ურთიერთობებს ეკონომიკის დარგში; გამოიცემა ახალი წიგნები. ასე, რომ საქართველოს ეკონომისტთა საზოგადოების დაარსება, ძალიან მინიშვნელოვანია, როგორ ეკონომიკური წრეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური მეცნიერებების განვითარებისთვის,“- განაცხადა თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა
რამაზ აბესაძემ.
საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტია თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, დამფუძნებლები არიან აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლეო ჩიქავა, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, პროფესორი რამაზ აბესაძე.
საზოგადოების საქმიანობის მიზნია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარებას. საზოგადოება ხელს შეუწყობს მეცნიერ-ეკონომისტთა კონსოლიდაციას ქვეყნის მასშტაბით; ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას; საქართველოს ეკონომიკური მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობებში ჩართულობის გაძლიერებას; მოამზადებს სამეცნიერო ნაშრომებს რომლებიც გამოიცემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ; მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ასოციაციების მუშაობაში და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში; წარადგენს პროექტებს საერთაშორისო გრანტების მოსაპოვებლად; ჩაატარებს ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ღონისძიებებს (კონფერენციები, სიმპოზიუმები, კონგრესები, სემინარები და ა. შ.); გამართავს მრგვალ მაგიდებს, შეხვედრებს ქვეყნის ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების საკითხებზე და სხვა.