2017-01-10

ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის მასალა, რომელიც მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებს. ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. გამოცემა მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს. პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ალბომში შესულია 1800-ზე მეტი ტერმინი ეკონომიკისა და სამართლის მიმართულებით თავისი განმარტებებით. „ გამოქვეყნდა უნიკალური მასალა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტში, განსაკუთრებით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ასევე ჩვენს მეცნიერებს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც მათ გასწიეს ამ ალბომის გამოცემისთვის“,-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
ალბომის  იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ალბომის რედაქტორია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა აბაშიძე. „გაჩნდა იდეა, რომ ივანე ჯავახიშვილის არქივში დაცული ბარათები, რომელიც ეხებოდა იურიდიულ და ეკონომიკურ ტერმინოლოგიას, გამოცემულიყო ფოტოტიპური სახით და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, მეცნიერებს ჰქონოდათ საშუალება  გაცნობოდნენ ივანე ჯავახიშვილის დიდ მემკვიდრეობას არამარტო ნაბეჭდი სახით, არამედ სწორედ ფოტოტიპური სახით და ენახათ, როგორ მუშაობდა დიდი მეცნიერი ამ ტერმინოლოგიაზე, რა შესწორებები შეჰქონდა თავის ხელით“,-აღნიშნა ზაზა აბაშიძემ.
ალბომში შესულია 1845-მდე ტერმინი, რომელიც დალაგებულია ანბანის მიხედვით და მითითებული აქვს საარქივო ერთეულის ნომერი. თითოეული ტერმინი დაწერილია ცალკეულ ბარათზე, წყაროს მითითებით. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მანუჩარ გუნცაძის განცხადებით, ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში, მსგავსი ტერმინების რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ ალბომში შესულია მხოლოდ ის ბარათები, რომელიც უშუალოდ ივანე ჯავახიშვილის ხელითაა დაწერილი. „ამით მოხდა ერთის მხრივ, ამ მასალის დაცვა და მეორეს მხრივ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიას სწავლობენ, გამარტივდა წვდომა მასალაზე, რომელთა დიდი დიდი ნაწილი აქამდე გამოქვეყნებული არ იყო.“,-აღნიშნა მანუჩარ გუნცაძემ.
ალბომი მკვლევრებს, ასევე ივანე ჯავახიშვილის  მოღვაწეობით დაინტერესებულ საზოგადოებას გაუადვილებს ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცულ მასალაზე წვდომას და ხელს შეუწყობს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებზე მუშაობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე