2010-05-21

თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში

18 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის მესამე მოწვევის არჩევნები ჩატარდა. 17 561 სტუდენტიდან თავისი არჩევანი 6482 ამომრჩეველმა გააკეთა.

ცესკოს მონაცემებით კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით განცხადებები და საჩივრები არ შემოსულა. არჩევნები შედგა და მან დარღვევების გარეშე ჩაიარა.

  „დაფიქსირდა რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი უბნების გახსნისას, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ მათი დროული აღმოფხვრა და მთლიანობაში არჩევნები დათქმულ ვადაში, ყველა წესის დაცვით ჩატარდა“, – აღნიშნა ცესკოს თავჯდომარემ დავით ჯიქიამ.

ფაკულტეტებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებით 110 დელეგატიდან 106 „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წევრია, დარჩენილი 4 ადგილი სამმა დამოუკიდებელმა და „სტუდენტური ერთიანობის“ 1 წარმომადგენელმა გადაინაწილეს.

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ 212 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც არჩევნების შედეგად 2 წლის ვადით თვითმმართველობის 110 წევრი შეირჩა. არჩევნებში  "ერთიანი სტუდენტური მოძრაობის", "სტუდენტური ერთობის", სტუდენტური ჯგუფის "პირველების" წარმომადგენლები და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობდნენ.

შედეგების გამოცხადებიდან  ერთ კვირაში 110 დელეგატი თვითმმართველობის პრეზიდენტს დაასახელებს.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე