ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-07-04

თუბითაქის ექსპერტი თსუ-ში

3 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს (თუბითაქის) ექსპერტი, სრული პროფესორი ბულენთ ოლჯეი ეწვია. თურქი სტუმარი საქართველოს 10 უნივერსიტეტის რექტორატისა და სამეცნიერო სამსახურების წარმომადგენლებს თურქეთში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე, საბჭოს საქმიანობასა და მომავლის გეგმებზე ესაუბრა. "თურქეთს განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. მსურს, ეს გამოცდილება გავუზიარო ქართულ მხარეს, გავაცნო თანამშრომლობის პერსპექტივები და იმ პროექტების დანერგვის შესაძლებლობები, რომელთა განხორციელებაც სამეცნიერო კვლევების სფეროშია შესაძლებელი"_ განაცხადა ბულენთ ოლჯეიმ.  თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბუამ თურქული გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება: "თურქეთი რეგიონში წამყვანი ქვეყანაა, მისი გამოცდილება სხვადასხვა, მათ შორის განათლების სფეროში, ქართული უნივერსიტეტებისთვის საინტერესოა. ჩვენ სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ინტელექტუალური რესურსები, მით უფრო სამეცნიერო კუთხით. ამ მიმართულებით უნივერსიტეტებს მეტი მოგვეთხოვება." თსუ-ის პრეზენტაცია რექტორის მოადგილემ ირინა დარჩიამ მოაწყო. მან სტუმრებს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის პრიორიტეტები გააცნო. "შავი ზღვის უნივერსიტეტის" პრორექტორმა გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ თურქეთთან 1992 წელს დადებული ჩარჩო ხელშეკრულება თანამშრომლობის ბევრ, მათ შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობებს იძლევა. სიტყვით გამოვიდნენ სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ბოლოს გაიმართა დისკუსია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შემდეგი უნივერსიტეტები: თსუ, შავი ზღვის უნივერსიტეტი, თელავის უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
Print

« იხ. ყველა სიახლე