ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება სტუდენტთა ნაწილის საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილე სტუდენტები თსუ კანცლერობის კანდიდატისგან გიორგი გაფრინდაშვილისგან კანდიდატურის მოხსნას კვლავ ითხოვენ. აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი შეხვდა. პარლამენტარმა სოლიდარობა გამოუცხადა მათ. სტუდენტებმა ბერძენიშვილთან საუბრისას განაცხადეს, რომ ემიჯნებიან პოლიტიკას და მათთვის უნივერსიტეტში ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა მიუღებელია. აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები სოფიო შამანიდი და კახა კოჟორიძე შეხვდნენ. მათ აღნიშნეს, რომ „უნივერსიტეტის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს და თუ ვინ უნდა იყოს კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი თავად უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს.“
დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას „მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა.“ ხოლო კანცლერობის კანდიდატს გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვა „გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას.“
კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანცლერობის კანდიდატი ორშაბათს შეხვდება თსუ აკადემიური საბჭოს წევრებს და შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საპროტესტო აქცია თსუ-ში გრძელდება.