ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-04-30

„შემოდგომის ლეგენდა - 2014 წლის“ წიგნის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "შემოდგომის ლეგენდა 2014" წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტი ყოველთვის იყო  შემოქმედებითი ადამიანების სამჭედლო,  ყოველთვის იყო ხელშემწყობი ლიტერატურული კონკურსების ჩატარების, რომლითაც გამოვლინდებოდნენ საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი, შემოქმედი ადამიანები. „შემოდგომის ლეგენდა“ უნივერსიტეტის პროექტია. წელს უკვე მეექვსედ ტარდება კონკურსი, ეს ახალგაზრდებისთვის  ნიჭის გამოვლენის კარგი გამოვლენაა. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდები შემდგომ კონკურსებშიც დიდი ინტერესით მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ტრადიცია ამ კონკურსის უკვე შექმნილია.“
ილუსტრირებული წიგნი 10 ფინალისტის და ონლაინ მარათონის გამარჯვებულის მიერ კონკურსის იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილ ნაშრომებს და ავტობიოგრაფიებს მოიცავს. წიგნი დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცა.
ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დაესწრო. პირველი ლედი  „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ პროექტში ჩაერთო, რომელსაც ორგანიზატორები გამომცემლობა „ინტელექტის“ მხარდაჭერით განახორციელებენ. თსუ სტუდენტის, „შემოდგომის ლეგენდის“ 2014 წლის ფინალისტის ანი ლაზვიაშვილის წიგნის ილუსტრაციების ავტორი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა იქნება. „ისევე როგორც თავად ავტორისთვის, ჩემთვისაც ძალიან სასაიამოვნო მოულოდნელობა იყო ამ პროექტში ჩართვა. როდესაც წავიკითხე  ანიკას ნაწარმოებები, მივხვდი, რომ იმდენად ახლობელია  მისი ხედვა ჩემთვის, რომ შემეძლო გამეკეთებინა ილუსტრაციები. დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი  - როგორ შეიძლებოდა ვიზუალური სახე მიმეცა იმ სიტყვებისთვის, რომლითაც ანიკა ძალიან საინტერესო ავტორად მომევლინა და  ინსპირაცია თვითონ ანიკასგან წამოვიდა,“-აღნიშნა პირველმა ლედიმ.
„წიგნის გამოცემა ნიშნავს იმას, რომ ვიწრო წრის გარდა უკვე ფართო საზოგადოება გაგიცნობს. პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, ეს უკვე განაცხადია, ამით ამბობ, რომ რაღაცას აკეთებ. ცოტა მეშინია - რა რეაქცია მოყვება ამ წიგნს. პირველი ლედის მიერ შექმნილი ილუსტრაციები არის ზუსტად ის, რაც ამ მოთხრობებს სჭირდება, ზუსტად ის ემოციები ჰქონდა მასაც, რითიც მე ვწერდი და ეს მის ილუსტრაციებშიც ჩანს,“- განაცხადა ანი ლაზვიაშვილმა.
„შემოდგომის ლეგენდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის უშუალოდ ეხება სტუდენტებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი წახალისება და საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. ის ინიციატივა, რაც დღეს ამ ღონისზიებაზე გაჟღერდა ძალიან კარგ შედეგს მოიტანს,“- აღნიშნა კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა თაკო როდონაიამ.
2014 წელს კონკურსის იმპროვიზაციული ტური კახეთში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა. კონკურსანტებმა ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე - „ჩემოდანი და მასში ჩალაგებული 5 ნივთი“, თორმეტი საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს.

Print

« იხ. ყველა სიახლე