2010-07-13

თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში "მუზა" გაიმართა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 2010 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო. 140 კურსდამთავრებულმა დადო ექიმის ფიცი და მიიღო დიპლომი. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები. გიორგი ხუბუას თქმით, "კურსდამთავრებულებს სწორედ თსუ_ში ჩამოუყალიბდათ ის მორალური და პროფესიული ღირებულებები, რაც აუცილებელია მედიცინის მუშაკთათვის. მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულნი თამამად მიიღებენ იმ გამოწვევებს, რომელსაც თანამედროვე ცხოვრება ითხოვს."

საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ისტორია თსუ-ში იწყება, სადაც სამედიცინო ფაკულტეტი 1918-1930 წლებში არსებობდა, რომლის ბაზაზეც შემდგომ ცალკე ჩამოყალიბდა სამედიცინო ინსტიტუტი. 1995 წელს თსუ-ში აღდგა სამედიცინო სწავლება მედიცინის სპეციალობის სახით ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო 2000 წელს ჩამოყალიბდა მედიცინის ფაკულტეტი. თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე 3 სპეციალობაა _ "სამკურნალო საქმე", "სტომატოლოგია" და "ოკუპაციური თერაპია." სწავლება მიმდინარეობს სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო მუშაობაში ჩართული არიან 17 სრული პროფესორი, 39 ასოცირებული პროფესორი, 23 ასისტენტ-პროფესორი და ხელშეკრულებით მოწვეული პედაგოგები. თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტს აქვს სასწავლო-კლინიკური ბაზები, რომელიც ყველა წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა. ფაკულტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხოლო სტუდენტი-მედიკოსები მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში და თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კლინიკებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე