2015-02-12

დავით უსუფაშვილმა თსუ-ში „წლის პირველი საჯარო ლექცია“ წაიკითხა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშილმა წაიკითხა საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“.  დავით უსუფაშვილმა ლექცია „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში წაიკითხა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თუ 8 თებერვალი უნივერსიტეტის დაარსების დღეა, 12 თებერვალი საუნივერსიტეტო საქმიანობის დაწყების დღეა. სწორედ ამ დღეს წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტში პირველი ლექცია. ჩვენ აღვადგინეთ ტრადიცია. ამიერიდან, ყოველი წლის 12 თებერვალს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც წარმატებული იქნება თავის საქმიანობაში, წაიკითხავს „წლის პირველ საჯარო ლექციას“ თსუ-ში. ამჯერად არჩევანი დავით უსუფაშვილზე გაკეთდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ლექცია ძალიან საინტერესო გამოვიდა. ის შეეხო ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე ყოვლისმომცველ პრობლემებს და მისი გადაჭრის გზებს.“
„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო გამოსვლებს კარგა ხანია მივეჩვიე, ასე აღელვებული არასდროს ვყოფილვარ, ჩემს სიტყვებს ასეთი ემოციური დატვირთვა არასოდეს ჰქონია. უნივერსიტეტში ჩემი გამოსვლით გრძელდება ის ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა. ეს ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენი წარსულისა და დღევანდელობის გამო შევარჩიე ლექციის თემა „ჩვენი სახელმწიფო“. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება უნდა ვიყოთ ჩვენი სახელმწიფოს ბატონ-პატრონი. თუკი სადმე სიტყვა „ჩვენ“ უნდა არსებობდეს და არა ამ პარტიის, იმ ჯგუფის და ა.შ. სწორედ ამ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს. ჩვენ მოვესწრებით იმას, როდესაც ჩვენი სახელმწიფო გვექნება,“- აღნიშნა პარლამენტის თვმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
საჯარო ლექციის წაკითხვის შემდეგ თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დააჯილდოვა უნივერსიტეტის მედლით და სიგელით „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ჩატარებისთვის.
თსუ-ში „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ჩატარების წესის თანახმად, საჯარო ლექციის გამართვის უფლება ენიჭება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს - მოქმედ აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტის ემერიტუსს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენელს.
საჯარო ლექცია ტარდება ყოველწლიურად 12 თებერვალს. 1918 წელს, სწორედ 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარი)  წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პირველი ლექცია “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში).
დავით უსუფაშვილის საჯარო ლექციაზე დამსწრეებს დაურიგდათ თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული ივანე ჯავახიშვილის პირველი ლექციის ბეჭდური ვერსია. თავად პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ ბეჭდური სახით 2016 წლის 12 თებერვლისთვის გამოიცემა.

Print

« იხ. ყველა სიახლე