2015-01-15

ბერიტაშვილის კითხვანი 130

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა თსუ პანთეონში ყვავილებით შეამკეს ივანე ბერიტაშვილის საფლავი, შემდეგ გაიმართა კონფერენცია.
„ივანე ბერიტაშვილი არა მხოლოდ უნივერსიტეტის დამფუძნებელია, არამედ მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერია. მან საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ფიზიოლოგიურ სკოლას და დღეს მისი მოწაფეები, ყველა ვისაც გული შესტკივა უნივერსიტეტისთვის, შეიკრიბა მის საფლავთან. ასეთი ხალხის გახსენება მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისა და მომავალი თაობებისთვის. ის მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც მან დაგვიტოვა არის  ფიზიოლოგიური მეცნიერების  განვითარების საფუძველი“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ამ მოვლენას უნდა ვუმადლოდეთ ქართულ ტრადიციებს, ეს ხდება ყოველ წელს. ძალიან ბევრ მოწაფეს ვხედავ აქ და ეს ტრადიცია სათუთად ინახება. ძალიან სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტს ახსოვს თავისი დამფუძნებლები“, - აღნიშნა დავით ბერიტაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

Print

« იხ. ყველა სიახლე