ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-03-17

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ მანიფესტი

სტუდენტური მოძრაობის „აუდიტორია 115-ის“ წევრებმა თსუ პირველი კორპუსის დატოვების შემდეგ მანიფესტი #115 წაიკითხეს. მანიფესტის თანახმად, სტუდენტებისა და ლექტორებისგან შეიქმნება უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭო. სტუდენტები ითხოვენ აკადემიური საბჭოს დაშლას, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზებას; განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაციას. მათი თქმით, უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორისა და სენატის ინსტიტუტებს. ამასთან, სტუდენტები ითხოვენ საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ „ოდეერებისგან“. მანიფესტის თანახმად, უახლოეს დროში, შემუშავებული იქნება დეტალური ხელშეკრულება - კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და სტუდენტებს შორის. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმომადგენელი პირი მოძრაობიდან „აუდიტორია #115“. „აუდიტორია 115“-ის წევრების განცხადებით სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით დროებით წყვეტენ #115 აუდიტორიაში მუშაობას და მოუწოდეს კონტრ-დემონსტრაციის მონაწილეებს პატივი სცენ საგანმანათლებლო პროცესს.

მანიფესტში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ხელშეკრულების გაფორმება, სტუდენტები იტოვებენ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას.
Print

« იხ. ყველა სიახლე