2017-03-01

თანამედროვე საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულება: გამოწვევები და პერსპექტივა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა Case Matrix Network-თან პარტნიორობით დიალოგის ფორმატის შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის მექანიზმებს მიეძღვნა.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში თსუ სტუდენტებსა და პროფესორებთან ერთად საქართველოს მთავარი პროკურატურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. დისკუსია დაეთმო თანამედროვე საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებას, "კომპლემენტარობის" პრინციპის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საერთაშორისო დანაშაულის ეროვნულ დონეზე სისხლის სამართლებრივი დევნისა და საერთაშორისო დანაშაულებისთვის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმებს.

აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ  ხაზი გაუსვა სამართლის ახალგაზრდა დარგის-საერთაშორისო სისხლის სამართლის-გარშემო საქართველოს აკადემიურ სივრცეში კვალიფიციური დისკუსიის წარმართვისა და ამ სფეროში მაღალი აკადემიური ხარისხის ქართულენოვანი სამეცნიერო და პრაქტიკული ნაშრომების შემუშავების მნიშვნელობას.

პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალური საკითხების სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყეტილებების მიღების კომპლექსურობასა და საამისოდ როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად მომზადებული პროფესიონალების როლზე გაამახვილა ყურადღება.

დისკუსიის მონაწილეებმა თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პარტნიორი ორგანიზაციის - Case Matrix Network-ისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით განიხილეს საერთაშორისო დანაშაულების დოკუმენტირებისა და დოკუმენტების შენახვის პრაქტიკა, საერთაშორისო დანაშაულებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატივების გამოყენების შესაძლებლობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და ადამიანის უფლებების ცენტრის ჩართულობით დისკუსიის ნაწილი მიეძღვნა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას და შემდგომ პერიოდში ძირითადი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიების პროცესს, ფაქტების დადგენასა და ინდივიდუალური განაცხადების წარდგენის საკითხს.

შეხვედრის ფარგლებში ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თემაზე ქართულ ენაზე პუბლიკაციის წარდგენა მოხდა.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი საერთაშორისო სისხლის სამართლის თეორიისა და პრაქტიკის კვლევას, აკადემიურ და პრაქტიკულ დისკუსიას, საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების სფეროსთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას განაგრძობს.



Print

« იხ. ყველა სიახლე