2014-10-15

თსუ სტუდენტების წარმატება საერთაშორისო სამართლის კონკურსში

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ საერთაშორისო სამართლის კონკურსში -  “ახალგაზრდები მშვიდობისათვის” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სპეციალურ ნომინაციაში გაიმარჯვა და სპეციალური პრიზით და ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლიტერატურით დაჯილდოვდა.
კონკურსი  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მინსკში 2005 წლიდან ტარდება და მისი მასპინძელია საერთაშორისო უნივერსიტეტი ,,მიტსო“. 2014 წლის რიგით მე-9 კონკურსში მსოფლიოს 17 ქვეყანა და 22 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. შეჯიბრის მსაჯები იყვნენ წითელი ჯვრის წარმომადგენლები და საერთაშორისო სამართლის პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველოს სახელით შეჯიბრში მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი - ონისიმე ცხომელიძის, მაკო მაისურაძისა და ქეთევან შუშანაშვილის შემადგენლობით. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა ლეიდენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდების სამეფო), ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი).  ფინალისტების გარდა, ასევე დაჯილდოვდა სპეციალურ ნომინაციაში გამარჯვებული გუნდი, რომელიც 2014 წელს გახდა საქართველო.  ნომინაცია დაწესებული იყო  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცოდნის მხრივ შეჯიბრზე გამოვლენილი აშკარა პროგრესის გამო.
დაჯილდოების ცერემონიის დროს მსაჯების მხრიდან ასევე აღინიშნა ბოლო წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით კონკურსში მონაწილე გუნდების მიერ გამოვლენილი საერთაშორისო სამართლის ცოდნის მაღალი დონე.
კონკურსი მინსკში 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა.

Print

« იხ. ყველა სიახლე