ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის თანამშრომლობის მემორადუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა
ქეთევან ფეიქრიშვილმა მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს. ჩვენ, უნივერსიტეტსა და სასახლეს ერთ საერთო საქმეს ვემსახურებით - ჩვენი ახალგაზრდების განათლება და მათი აღზრდა ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ არაერთი საინტერესო ერთობლივი ღონისძიება ჩაგვიტარებია აქამდეც და მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ.“
„ჩვენთვის დიდი პატივია უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. ორივე ერთად საერთო საქმეს ვაკეთებთ. სასახლეში ვზრდით ბავშვებს, რომლებიც შემდგომ უნივერსიტეტში მოდიან. სასიამოვნოა, რომ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ლადო პაპავა საპატიო სასახლელია. ჩვენი ურთიერიერთობა ამ მემორანდუმით კიდევ უფრო გააქტიურდება,“- აღნიშნა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა
ქეთევან ფეიქრიშვილმა.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს სასკოლო ასაკის შემოქმედებითი მოსწავლე ახალგაზრდობისათვის ფართო შემოქმედებითი - შემეცნებითი გარემოს შექმნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გასაგრძელებლად და პროფესიის ასარჩევად სწორი და გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად; სასახლისა და უნივერსიტეტის პედაგოგებს შორის პროფესიული და შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება, ერთიანი ხედვის და პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ამის საფუძველზე სასახლის კაბინეტებისა და წრეების სასწავლო პროგრამების შემდგომში დახვეწა და განვითარება, მათ საქმიანობაში სტუდენტებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ჩართვა; სასახლისა და უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებისათვის თანამშრომლობის სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება.