ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-27

თსუ-ში პირველი რესპუბლიკის დარბაზი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი რესპუბლიკის აუდიტორია საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტები, თსუ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „დღეს გრძელდება გუშინდელი დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ორი მოვლენა - უნივერსიტეტის დაარსება და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება სიმბოლურად ერთ წელს მოხდა. უნივერსიტეტის დამფუძნებლების დიდი ნაწილი იმდროინდელი მთავრობის წევრებიც იყვნენ. მთავრობის მხრიდანაც უნივერსიტეტს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები ესწრებიან ამ ღონისძიებას. ეს ჩვენთვის დიდი პატივია.“
„მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში ვიმყოფები. სიმბოლურია, რომ პირველი რესპუბლიკის აუდიტორიის გახსნა დაემთხვა პირველ დიასპორულ პროფესიული ფორუმს „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს.“ განსაკუთრებით მივესალმები პირველი რესპუბლიკის წარმომადგენელთა შთამომავლებს,“- აღნიშნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ.
„მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტში ვესწრებით პირველი რესპუბლიკის აუდიტორიის გახსნას. მადლობა სტუდენტებს ამ ინიციატივისთვის. სასიამოვნოა, რომ უნივერსიტეტში პატივისცემით იხსენებენ პირველი რესპუბლიკის დამაარსებლებს, აფასებენ სამშობლოს წინაშე გაწეულ ღვაწლს,“- განაცხადა ნოე ჟორდანიას შთამომავალმა, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ქრისტინე ფაღავამ.
„ჩემი ორგანიზაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ არის ქართველ ემიგრანტთა ერთ-ერთი პირველი  ორგანიზაცია საფრანგეთში. ჩვენ გვაქვს უამრავი ორიგინალური დოკუმენტური მასალა, რომელიც ეხება საქართველოს პირველი რეპუბლიკის მთავრობას და ამ მასალის საფუძველზე ვაპირებთ, რომ გამოვცეთ სამი წიგნი. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან,  თსუ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან და ამ სახელმძღვანელოების შედგენა და გამოცემა იქნება ერთობლივი ნამუშევარი,“- აღნიშნა ნოე რამიშვილის შთამომავალმა ტიერი ბერიშვილმა.
თსუ-ში პირველი რესპუბლიკის აუდიტორიის გახსნის ინიციატივით სტუდენტები გამოვიდნენ. სტუდენტების წინადადება განიხილა საუნივერსიტეტო კომისიამ და გადაწყვეტილება თსუ  რექტორის ბრძანებით დამტკიცდა.
თბილისის უნივერსიტეტის გახსნა (ძვ.სტ. 1918 წ. 26 იანვარი)  წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას (1918 წ. 26 მაისი). თავდაპირველად უმაღლესი სასწავლებელი დაარსდა როგორც კერძო უნივერსიტეტი. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან რამდენიმე თვეში (1918 წლის 3 სექტემბერს) უნივერსიტეტი გარდაიქმნა სახელმწიფო უნივერსიტეტად. საქართველოს პირველი რეპუბლიკის ხელისუფლება განსაკუთრებით უწყობდა ხელს უნივერსიტეტის განვითარებას. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, პროფესორ-მასწავლებლებს. განუზომელია უნივერსიტეტელთა თავგანწირვა დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე