ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში სმარტ-ლაბის (SMART|Lab) გახსნას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი
მარინე ჩიტაშვილი, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
სებასტიან შმიდტი, იულიხის კვლევითი ცენტრისა და ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის
დარეჯან თვალთვაძის განცხადებით,
„უნივერსიტეტში სმარტლაბის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ამყარებს სამეცნიერო ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას, თსუ-სა და იურიხის სამცნიერო ცენტრს შორის. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც პროფესორებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. ჩვენი სტუდენტები ჩართული იქნებიან იმ ძალიან სანტერესო კვლევებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრში.“
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა: იულიხის სამეცნიერო ცენტრთან ერთად სმარტლაბის, ჭკვიანი ლაბორატორიის გახსნის დღე. ამით ჩვენ ვნერგავთ პრაქტიკას, რომ ქართველი წარმატებული მეცნიერები დავაბრუნოთ საქართველოში და შევუქმნათ მათ შესაბამისი პირობები; რაც მთავარია, ეს ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდეტებს ეძლევათ უნიკალური შანსი, თბილისშივე მიიღონ მონაწილეობა იულიხის ცენტრის კვლევებში და იყვენენ მეცნიერების ავანგარდში,“-აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
ალექსანდრე ჯეჯელავამ.
„უკვე 10 წელია გერმანულ -ქართული სამეცნიერო პროექტს ვახორციელებთ. ეს პროექტი ქართველ სტუდნეტებსა და მკვლევრებს საშუალებას მისცემს ჩამოვიდნენ გერმანიაში, სადაც სწავლა და კვლევებს განაგრძობენ. დღეს კი ჩვენს თანამშრომლობას უფრო ფორმალური სახე მიეცა, ამ ლაბორატორიის საშუალებით ერთად ჩავატარებთ კვლევებს მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე. ქართველ სტუდნეტებს აქვთ პოტენციალი გახდნენ დიდი მეცნიერები. მათ საშულება ექნებათ მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი გერმანიაში მიიღონ, შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და აქ განაგრძონ სამეცნიერო მოღვაწეობა,“ -განაცხადა იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ
სებასტიან შმიდტმა.
„დღევანდელი სმარტლაბის გახსნა ითვალისწინებს საზღვარგარეთ წასული ახალგაზრდა მეცნიერის უკან დაბრუნებას, თანამშრომლობას საერთაშორისო პროექტთან, რომელსაც გერმანიის მთავრობა და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს. ჩვენთან ასევე ბრუნდება ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც მუშაობდა იურიხის კვლევით ცენტრში. ეს პროექტი ითვალისწინებს გერმანელებისა და ქართველების თანამშრომლობას,-“ აღნიშნა შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა
მარინე ჩიტაშვილმა.
SMART|Lab-ი დაეხმარება ქართველ სტუდენტებს ჩაერთონ იმ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებში, რომლებიც იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარეობს. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებისა და მეორეს მხრივ, ღრმა თეორიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას.
SMART|EDM_Lab-ში მიმდინარე სამუშაოები დაეხმარება ქართველ სტუდენტებს თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რაც მოიცავს ელექტრონიკას, პროგრამირებას, კომპიუტერულ ტექნიკას, მექანიკურ და პროგრამულ ინჟინერიას, მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს, ფიზიკური პროცესების მოდელირებას და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის გამოყენება-ათვისება მოხდება კონკრეტულ აქტუალურ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობით, რაც თავისთავად უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერებს ჩაატარონ კვლევები და უფრო ღრმად შეისწავლონ, სამყაროს განვითარება დიდი აფეთქებიდან დღემდე. დიდი აფეთქების შემდგომ, სამყაროს ევოლუციის პროცესში ყოველი 10 მილიარდი ნაწილაკიდან 1 ნაწილაკი (მატერია) გადაურჩა ანტიმატერიასთან ანიჰილაციის (გაერთიანების) პროცესს. სწორედ ამ გადარჩენილი ნაწილაკებიდან შეიქმნა დღევანდელი სამყარო. იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა ასე, არის აღნიშნული კვლევების მიზანი.
არსებობს სამყაროს უცნობი კანონზომიერებების ძიების ორი სტრატეგიული მიმართულება: კვლევების წარმოება მაღალ ენერგიებზე, რომლის თვალსაჩინო მაგალითია LHC-ზე მიმდინარე ექსპერიმენტები, და მისი ალტერნატივა - მოწინავე ტექნოლოგიების და მეთოდების გამოყენება შედარებით დაბალ ენერგიებზე, რაც რაციონალური რესურსების პირობებში იძლევა ექსპერიმენტების სიზუსტის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას.ასეთ ჯგუფს განეკუთვნება დამუხტული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტების (ედმ) ძიება. ამ ფიზიკურის სიდის ექსპერიმენტული დამზერა იქნება უშუალო მინიშნება სამყაროს განვითარების დღეისათვის არსებული სურათის არასრულყოფილობაზე, რამაც შესაძლოა ასევე წარმოდგენა შეგვიქმნას ჩვენი არსებობის მიზეზებზე.
აღნიშნული ტიპის კვლევები, პოლარიზებული დეიტრონების ნაკადის გამოყენებით, უკვე დაწყებულია იულიხის კვლევითი ცენტრის COSY ამაჩქარებელზე, სადაც ქართული ჯგუფი აქტიურადაა ჩართული. ედმ-ის არსებობის შემთხვევაში მოსალოდნელია პოლარიზებული ნაკადის პოლარიზაციის ვექტორის ორიენტაციის ცვლილება დროში, რომლის დამზერაც წარმოადგენს აღნიშნული ექსპერიმენტის ძირითად იდეას. ამ ცვლილების დასაფიქსირებლად კი საჭიროა მაღალი მგრძნობიარობის პოლარიმეტრის შექმნა, რაც წარმოადგენს ქართული ჯგუფის ძირითად ამოცანას.
აღნიშნული პოლარიმეტრი შედგება დეტექტორისა და სამიზნისაგან. მისი ცალკეული დეტალების შექმნა და გამოცდა იქნება SMART|EDM_Lab-ის ძირითადი ამოცანა. აღნიშნული ლაბორატორია იქნება JEDI (იულიხის ელექტრული დიპოლური მომენტის კვლევები) საერთაშორისო კოლაბორაციის ძირითადი პარტნიორი ამ მიმართულებით. ამ ლაბორატორიაში ასევე მოხდება პოლარიმეტრის დეტექტორის მონაცემების შეგროვებისა და მათი რეალურ დროში გაანალიზების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაც. გარდა ამისა, პოლარიმეტრის კონცეფცია მოიცავს სრულიად ახალი ტიპის სამიზნის შექმნასაც, რაც არნახულ საინჟინრო სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ სამიზნის კონსტრუქციის ცალკეული კვანძების გამოცდა-დახვეწა ასევე მოხდება SMART|EDM_Lab-ში.