2014-10-22

ნატო-ს ევროპული ძალების მთავარსარდალი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური ფილიპ ბრიდლავი ეწვია. გენერალი თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ფილიპ ბრიდლავმა ნატო-ს პოლიტიკაზე, საერთაშორისო გამოწვევებზე, გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა.
„საქართველო ნატო-ს ღირსეული პარტნიორია ავღანეთში და ის მომავალშიც გააგრძელებს  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთად ავღანეთში უსაფრთხოების მისიას. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ რას მივაღწიეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთობლივად და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ მომავლისთვის,“- აღნიშნა ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა.
„ნატო-ს მაღალი თანამდებობის პირის, გენერალ ბრიდლავის მოსვლა ჩვენი უნივერსიტეტისთვის და ქართველი სტუდენტებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მათ  შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალო კომუნიკაციაში ყოფილიყვნენ ნატო-ს მაღალჩინოსანთან და პირველი წყაროდან მიეღოთ ინფორმაცია. კითხვები, რომელიც შეხვედრაზე დაისვა საკმაოდ აქტუალური იყო ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. ვფიქრობ, ასეთი ტიპის შეხვედრები ძალზე საინტერესოა და ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, უნივერსიტეტის კარი ყოველთვის ღიაა მაღალი რანგის სტუმრებისათვის,“-  განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა დღეს სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
„შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ის თანამედროვე გამოწვევები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას,  განხილული იყოს სწორედ ასეთი დონის სტუმრებთან ერთად. ასევე შევეხეთ საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული  და  “ისლამური სახელწიფოდან” (ISIS) მომდინარე საფრთხეებს. გენერალი იყო მაქსიმალურად ღია, აქტიურად პასუხობდა შეკითხვებს და სტუდენტები ძალიან კმაყოფილი დავრჩით შეხვედრით,“ - აღნშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, ირაკლი მაისაშვილმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე