ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. 70-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებელმა გააცნო და შესთავაზა თსუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვა შესაძლებლობები.
თსუ რექტორის მოადგილის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტში მსგავსი შინაარსის ფორუმი უკვე ტრადიციად იქცა.
„წელსაც ბევრი დამსაქმებელია ფორუმზე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან. უნივერსიტეტი დამსაქმებლებს თანამშრომლობის ახალ ფორმას სთავაზობს - აქტიურად ჩაერთონ ჩვენი აკადემიური პროგრამების სილაბუსების შექმნაში. ეს კი დაეხმარება ჩვენს პროგრამებს დასაქმებაზე უფრო მეტად ორიენტირებული გახდეს და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ
მიხეილ ჩხენკელმა.
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს დასაქმებისა და სტაჟირების კუთხით. აქ წარმოდგენილ საჯარო და კერძო სტრუქტურებს კონკრეტული შეთავაზებები, კონკრეტული ვაკანსიები აქვთ. წინა წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დასაქმების ფორუმი საკმაოდ შედეგიანია, რასაც გამოხმაურებებიც ადასტურებს,“- განაცხადა ფორუმის ორგანიზატორმა, თსუ კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა
ხათუნა ცხადაძემ.
თსუ სტუდენტმა
ლაშა მგელაძემ დასაქმების ფორუმზე კონკრეტული შემოთავაზებები მიიღო:
„ფორუმზე წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებული კომპანიები. მათი შემოთავაზებების უმეტესობა სტუდენტზე იყო მორგებული. პირადად მე ორი საკმაოდ მისაღები და ხელმისაწვდომი შემოთავაზება მივიღე კომპანიებისაგან.“
„მე უკვე დასაქმებული ვარ, მაგრამ არა ჩემი პროფესიით. დასაქმების ფორუმზე მოვედი, რათა გამოვიყენო შესაძლებლობა და ვისარგებლო დამსაქმებელთა შემოთავაზებებით“, - აღნიშნა თსუ კურსდამთავრებულმა
დავით ეძგვერაძემ.
ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები წარმოადგენდნენ საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებს, მსხვილ სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელებს, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებს, სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო და კვლევით ორგანიზაციებს. კერძო კომპანიების გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილები იყვნენ საჯარო სფეროს დამსაქმებლებიც: სამინისტროები და სხვა საჯარო სამსახურები, მათდამი დაქვემდებარებულ სტუქტურებთან ერთად.
დასაქმების ფორუმი, რომელიც თსუ-ში უკვე მეორედ ჩატარდა, სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა. ფორუმი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე.