2015-04-24

სამეცნიერო ფორუმი თსუ-ში დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი დასრულდა. ორდღიან სამეცნიერო ფორუმზე შვიდივე საფაკულტეტო კომისიების და  საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეულ საუკეთესო მოხსენებები  წაიკითხეს ავტორებმა - თსუ პროფესორები, ემერიტუსები, მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები.      
24 აპრილს თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტემა წარმოადგინეს საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეულ სამეცნიერო მოხსენებები. თსუ ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტებმა ვახტანგ ჭარაიამ, ირაკლი დოღონაძემ და ოთარ ანგურიძემ წარმოადგინეს მოხსენება „ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ზემოქმედი ფაქტორების ანალიზი“; ამავე ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტმა თამარ ბარბაქაძემ - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საწარმოთა ეკონომიკური მდგრადობა“; ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტმა ფორუმისთვის შეარჩია დოქტორანტის გიორგი ბურჯანაძის მოხსენება „ჰიპოკამპში კრეატინკინაზას აქტივობის ცვლილება ბუნებრივი ცირკადული რიტმის დარღვევის პირობებში“ და ბაკალავრიატის სტუდენტის ლაშა ბარამიძის მოხსენება „ფურიეს მწკრივების ლოგარითმული საშუალოების წერტილოვანი კრებადობის შესახებ“; იურიდიული ფაკულტეტიდან მოხსენებები წაიკითხეს დოქტორანტმა გიორგი ამირანაშვილმა -  „ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის ანალიზი)“, მაგისტრანტმა სიმონ ტაკაშვილმა - „საჯარო რეესტრის მონაცემების სისწორისა და სისრულის პრეზუმცია - დემოკრატიული კანონმდებლობა თუ საკანონმდებლო ხარვეზი“ და ბაკალავრიატის სტუდენტმა თორნიკე ნემსწვერიძემ -„თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქები, როგორც ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობის ერთ-ერთი საფუძველი - არსებული რეალობა და პერსპექტივები საქართველოში“; მედიცინის ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იყო დოქტორანტის მარინე ქარჩავას მოხსენება ,,ინტერლეიკინ 28B გენოტიპის და  ულტრასწრაფი  ვირუსული  პასუხის  პროგნოზული   ღირებულება  საქართველოში  მწვავე  და  ქრონიკული  C ჰეპატიტით  ავადმყოფებისათვის,“ მაგისტრანტის ნათია ადამიას მოხსენება ,,რეზისტენტული ტუბერკულოზის  პრობლემა  და  მისი  გადაჭრის  გზები“ და ბაკალავრიატის სტუდენტების მაია ღავთაძის და გიორგი ქისტაურის მოხსენება ,,მაგნიტური  ნანონაწილაკების  მდგრადი  სუსპენზია -,,უნიმაგი“,  მისი  ჰიპერთერმული  და  მაგნიტური  თვისებების  კვლევა“; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტმა ეკატერინე ლაზარაშვილმა წაიკითხა მოხსენება "საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ტექნოგენური ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემები"; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა წარადგინა ბაკალავრიატის სტუდენტების ნინო ასათაშვილის და თეკლა ნემანიშვილის მოხსენება “ფემინისტებო, ჰაიტ“, ანუ ფემინისტების სტიგმატიზაცია საქართველოში: იდენტობა, სტიგმა და დაძლევა“; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა სოფიო მოდებაძემ წაიკითხა მოხსენება „მუსიკალური ხელოვნების კრიზისი პოსტმოდერნულ ეპოქაში“, მაგისტრანტმა გიორგი ქიტოშვილმა -„ლექციონარში დაცული იონა წინასწარმეტყველის გალობის ტექსტისათვის“ და ბაკალავრიატის სტუდენტმა ქეთევან ჭილაიამ - „სივრცის ლინგვისტური სტრუქტურირება სკოლამდელი ასაკის ქართველ ბავშვებში.“
მოხსენების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა: ბაკალავრებს - 500 ლარის,  მაგისტრანტებს- 1000 ლარის, დოქტორანტებს- 1500 ლარის ოდენობით.     
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით პირველად შარშან, 2014 წელს გაიმართა. ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა  1876 წლის  23 აპრილს. საქართველოს საზოგადოება 2015 წელს  მეცნიერის 139 წლისთავს აღნიშნავს.
ფორუმის მსვლელობისას ცნობილი გახდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულების შესახებ. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 2016 წელს ივანე ჯავახიშვილის იუბილეს აღსანიშნავად დაგეგმილი პროექტის „სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან“- განხორციელებისთვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თსუ-ს გამოეყოფა 27 ათასი ლარი.
        

Print

« იხ. ყველა სიახლე