2015-02-05

თსუ-მ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურა წარადგინა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე განსახილველად იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი ბურდულის კანდიდატურა წარუდგინა.
თსუ-მ საქართველოს პრეზიდენტს ირაკლი ბურდულის კანდიდატურა იურიდიული ფაკულტეტის საბჭოსა და აკადემიური პერსონალის შუამდგომლობით და თსუ აკადემიური საბჭოს მხარდაჭერით წარუდგინა. „ირაკლი ბურდული მისი მენეჯერული თვისებებით, მაღალკვალიფიციურობით, აკადემიურობით, პრინციპულობით, აპოლიტიკურობითა და სასამართლო სისტემისადმი პროფესიული სიახლოვით სრულად აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურისადმი წაყენებულ კრიტერიუმებს,“- ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლებმა გამოთქვეს სურვილი დასახელებულიყო პროფესორ ირაკლი ბურდულის  კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტზე, როგორც ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანის. ამ ინიციატივით შემოვიდა ფაკულტეტის საბჭო აკადემიური საბჭოს წინაშე, რომელმაც წინადადებას მხარი დაუჭირა. ირაკლი ბურდული ახალგაზრდა კაცია, საკმაოდ გამოცდილი მმართველობითი უნარის მქონე და აქვს რეალური შესაძლებლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას  წარმატებულად გაუძღვეს.“
„ჩვენ ვაცნობიერებთ იმ დიდი პასუხისმგებლობის ტვირთს, რისი მატარებელიც უნდა იყოს ქვეყნის პირველი მოსამართლე. სწორედ მასზეა მეტწილად დამოკიდებული, როგორი სამართალი იქნება ჩვენს ქვეყანაში - სამართალი, რომელიც ცოცხალია და რომლის ძალასაც იგრძნობს ნებისმიერი ადამიანი, თუ სამართლის წიგნებში გამოკეტილი სამართალი. საქართველოში დადგა დრო, როცა უზენაეს სასამართლოს სჭირდება ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი თავმჯდომარე. სწორედ ასეთია ირაკლი ბურდული. ის კარგად იცნობს სასამართლო ღირებულებებს, ევროპულად განათლებული პროფესორია, კარგად შეიგრძნობს თანამედროვე სამართლის მაჯისცემას,“-  აღნიშნა თსუ პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე წარდგენილმა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა ნდობისთვის დიდი მადლიერება გამოხატა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების მიმართ. „დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, რომ სასამართლო სისტემა გახდეს სრულიად მიუკერძოებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელი, განვითარებული სახელმწიფოსთვის არის სამართლებრივი ქვაკუთხედი.  გადაწყდა, რომ ჩემი კანდიდატურა იქნეს წარდგენილი ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ ყველაზე მეტად მე ის მახარებს, რომ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფაკულტეტის ხელმძღვანელი წარადგინოს ამ თანამდებობაზე.  ჩემგან ძირითადი გზავნილები იქნება - აპოლიტიკურობა, მიუკერძოებლობა და მაღალი აკადემიური სტანდარტები. ის რაც აკლია დღეს სასამართლოს, მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებაში ეს არის მაღალი აკადემიური სტანდარტი.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მივიღებთ ყოველგვარი წნეხისგან გათავისუფლებულ სასამართლოს, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემას,“- განაცხადა ირაკლი ბურდულმა.
ირაკლი ბურდულმა იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარიზ-ლოდრონის უნივერსიტეტში (ავსტრია, ზალცბურგი), მუშობდა საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დამოუკიდებელ ადვოკატად იურიდიულ ფირმაში, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობის თხოვნით მიმართა.

Print

« იხ. ყველა სიახლე