ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-25

74-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა 74-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თავის დროზე,  უნივერსიტეტი სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებად დაფუძნდა. დამაარსებლებმა მეცნიერებას, კვლევას მიანიჭეს პრიორიტეტი. მეცნიერება ვერ განვითარდება, თუ მკვლევარს გვერდით სტუდენტი არ უდგას. ჩვენს უნივერსიტეტში ეს უკვე ტრადიციაა - დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტის ჩართულობას სამეცნიერო საქმიანობაში. სწორედ ამისთვის შევიმუშავეთ სტუდენტთა სამეცნიერო წრის დებულება, რომელიც კვლევებში მათ ჩართვას შეუწყობს ხელს. საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტებისთვის გარკვეულწილად გამოწვევაა - რამდენად მიმზიდველი და საინტერესო მომავალია სამეცნიერო საქმიანობა. სწორედ ეს სტუდენტები არიან უნივერსიტეტის ხვალინდელი დღე.“
კონფერენციისთვის უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ჩამოყალიბდა ოცდათოთხმეტი დარგობრივი სექცია, შემუშავდა კონფერენციის სამუშაო განრიგი. ჟიურის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც. დარგის წარმომადგენელ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, თითოეული სექციის კომისიის შემადგენლობაში შედიოდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების რამდენიმე წევრი. კონფერენციაში სულ 367 სტუდენტი მონაწილეობდა.
74-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები გამოიცემა. კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან საპატიო დიპლომებით.

Print

« იხ. ყველა სიახლე