გსურთ გახდეთ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერი, შეიძინოთ პროექტის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაიმარჯვოთ კონკურსში და მოიპოვოთ ფულადი პრემია? მიიღეთ მონაწილეობა სტუდენტურ კონკურსში „მისია 2019“. კონკურსი უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. წელს კონკურსის პარტნიორია კომპანია „ბაზის ბანკი”.
კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორი ბრენდი გამარჯვებულ სამ გუნდზე გადაანაწილებს:
I ადგილი - 2500 ლარი;
II ადგილი - 1500 ლარი:
III ადგილი - 1000 ლარი.
წელს კონკურსს კიდევ ერთი პრიზი - ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია დაემატა და ის კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსი გუნდურია და მასში მონაწილეობას 3-5 სტუდენტი იღებს.
კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ. წელს მონაწილეებს ევალებათ შექმნან - "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო ოლიმპიადის ბრენდი".
სასკოლო ოლიმპიადის მიზანია, ცოდნის და უნარების პრაქტიკული რეალიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. მიზნობრივი ჯგუფი: საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის დაგეგმვისას კონკურსანტები თავისუფალი არიან ფორმატისა და სტილის არჩევაში. ოლიმპიადა შესაძლოა იყოს რეალური, ინტერნეტ სივრცეში, კომბინირებული ან სხვ.
პირველი ტურის დავალება მიიღება 12 აპრილიდან - 12 მაისის ჩათვლით, იხილეთ საპროექტო განაცხადის
ფორმა.
კონკურსის მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეული 5 ფინალისტი გუნდი პარტნიორი ბრენდის „ბაზის ბანკის“ დავალებას მიიღებს, რომელზეც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. ფინალური ნაშრომის შექმნის პროცესში კონკურსანტები მათთვის განკუთვნილ სემინარებსა და კონსულტაციებს დაესწრებიან, სადაც პროექტის გამართვასა და ეფექტიანად განხორციელების საშუალებებს შეისწავლიან. ფინალში გასული სტუდენტები პარტნიორი კომპანიის სათაო ოფისს მოინახულებენ და ხელმძღვანელი პირების პრეზენტაციებს მოისმენენ.