დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება № 39/2016 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ

არ იქნა წარმომადგენლობითი საბჭოს
მიერ დამტკიცებული

დადგენილება № 39/2016

11 აპრილი, 2016

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს რექტორის მოადგილის 08.04.2016, №13502/02 წერილის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (შესაბამისი ფაკულტეტების მიხედვით) პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის სამუშაოს აღწერა და შრომის ანაზღაურების მიღების პირობები (საფუძვლები) განისაზღვროს წინამდებარე დადგენილებით.
2. აკადემიური პერსონალის ნებისმიერი კატეგორიის კონტრაქტისათვის გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების მიღების საფუძველს წარმოადგენს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობის სახეები:
ა) ძირითადი სასწავლო საქმიანობა;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
გ) დამატებითი სასწავლო და სხვა საქმიანობა;
დ) სერვისი.
3. წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი სასწავლო საქმიანობა მოიცავს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის მიერ ლექციის, სემინარის, ლაბორატორიული მეცადინეობის და პრაქტიკული მეცადინეობის (მათ შორის პრაქტიკის კომპონენტის) ჩატარებას და იზომება საკონტაქტო საათების რაოდენობით სასწავლო წლის განმავლობაში, ასევე, სასწავლო, საველე ან პროფესიულ პრაქტიკას, სამედიცინო-სასწავლო კონსილიუმების ჩატარებას, რის საფუძველზეც სტუდენტს შესაძლებელია მიენიჭოს კრედიტი და ასახულია სასწავლო პროგრამის კურიკულუმში. ძირითადი სასწავლო საქმიანობის კომპონენტები განსაზღვრულია დანართით №1
4. წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა პროფესორისათვის, ასოცირებული პროფესორისათვის,  ასისტენტ-პროფესორისთვის და ასისტენტისთვის განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ით (,,სამეცნიერო-კვლევითი  დატვირთვა“).
5. წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის დამტკიცდეს ,,სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცია“ (დანართი№3).
6. წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი სასწავლო და სხვა საქმიანობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების დანართი №4-ით. 
7. წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერვისი  მოიცავს თსუ/საფაკულტეტო კოლეგიური ორგანოს წევრობას, საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას და სხვა აქტივობებს, რაც განისაზღვრება დანართი №5-ით. 
8. აკადემიური პერსონალის მიერ მინიმალური სავალდებულო შესასრულებელი საქმიანობის ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ძირითადი სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობით. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია დაადგინოს მინიმალური სავალდებულო შესასრულებელი საქმიანობა, რომელიც აღემატება ამ დოკუმენტით განსაზღვრულ მინიმალურ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
9. მინიმალური სავალდებულო სასწავლო საქმიანობა პროფესორისათვის, ასოცირებული პროფესორისათვის, ასისტენტ-პროფესორისთვის მოიცავს შესაბამისად 4, 6, 8 კვირეულ საკონტაქტო საათს, ხოლო ასისტენტისთვის არანაკლებ 8 კვირეულ საკონტაქტო საათს. 
10. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვის არა უმეტეს 2 საათი შეიძლება ჩანაცვლდეს აკადემიური პერსონალის მიერ სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელობით. ფაკულტეტის საბჭო თავად ადგენს ჩანაცვლების წესს. ამ პუნქტის დანაწესი არ ვრცელდება ასისტენტის თანამდებობის მქონე აკადემიურ პერსონალზე.
11. მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა განისაზღვრება ყოველწლიური 100 ქულით.
12. მინიმალური  სამუშაო დატვირთვის კატეგორიის შესაბამისი ანაზღაურების, ასევე მინიმალურს ზევით სამუშაო დატვირთვის და შესაბამისი ანაზღაურების დადგენა ხდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ წევრთა ხმების არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით.  ამასთანავე, ძირითადი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დატვირთვა, რომელიც აღემატება მინიმალურ საქმიანობას გამოთვლილი უნდა იქნეს იმავე პრინციპით, როგორც მინიმალური საქმიანობა. დამატებითი სასწავლო და სხვა საქმიანობის და/ან სერვისის წილი ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრულ დატვირთვაში არ უნდა შეადგენდეს  ინდივიდუალური სამუშაო დატვირთვის ¼-ზე მეტს. ასისტენტის თანამდებობის მქონე აკადემიურმა პერსონალმა უნდა შეასრულოს არანაკლებ მინიმალური სამუშაო დატვირთვა.
13. ძირითადი სასწავლო, დამატებითი სასწავლო და სხვა საქმიანობის და სერვისის კომპონენტებისათვის გაანგარიშების პირობითი ერთეულის მინიჭების, დატვირთვის გაანგარიშების სისტემის შემუშავების, ასევე აკადემიური პერსონალის უნივერსიტეტთან ექსკლუზიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობის წინაპირობების განსაზღვრის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო, წევრთა ხმების არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით.
14. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, მე-9 პუნქტით განსაზღვრული დატვირთვით, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.
15. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი), აკადემიური პერსონალის სტატუსით ამ დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით შრომის ანაზღაურების მიღება ეფუძნება მხოლოდ წინამდებარე დადგენილებით (და მისი დანართებით) გათვალისწინებულ წესსა და პირობებს.
16. წინამდებარე დადგენილების ყველა დებულების დაცვის პირობებში, ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ ერთი სასწავლო წლის ფარგლებში შესასრულებელი საათობრივი დატვირთვის ინტენსიური კურსის ან ასიმეტრიული დატვირთვის ფორმატით შესრულება.
17. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა არ ვრცელდება უნივერსიტეტის იმ აკადემიურ პერსონალზე, რომელსაც არ აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და თანამდებობაზე არჩეულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია ასეთ აკადემიურ პერსონალს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ სხვა მინიმალურ დატვირთვასთან ერთად დაუდგინოს სხვა შესასრულებელი დატვირთვის სახეობა და ოდენობა.
18. აკადემიური პერსონალის მიერ ხელშეკრულებით (მათ შორის წინამდებარე დადგენილებით) გათვალისწინებული სამუშაო დატვირთვის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს პასუხისმგებლობა (მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობა, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობის გამოქვითვის სახით) მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის თანახმად. ყოველი კონკრეტული შემთხვევის განხილვა ხდება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალება აღნიშნული საკითხის შესწავლა. კომისია ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე. ფაკულტეტის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ფაკულტეტის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება რეაგირებისათვის ეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
19. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს და ძალაში არ შევიდეს “სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილება მასში შესული ცვლილებებითა და დამატებებით, ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით წინამდებარე დასარეგულირებელ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები.
20. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
21. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
22. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
23. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                       

გამოქვეყნების თარიღი:2016-04-20 15:09:54