ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-29

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველი ბუნებრივი თუ სოციალური პროცესების შესწავლაში, პრევენციულ ღონისძიებათა გატარებაში და მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაში ამა თუ იმ მოვლენისგან თავის დასაცავად. დღეს ერთ-ერთ ასეთი აქტუალურ პრობლემას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმოადგენს.
 
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, მარინა ლომოურმა აღნიშნა, რომ  სტუდენტები, რომლებიც „თსუ დესპანის“ პროექტის ფარგლებში ქალაქისა თუ რეგიონის სკოლების მოსწავლეებს უნივერსიტეტისა და საკუთარი სპეციალობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან, სურვილის შემთხვევაში ჩაერთვებიან აგრეთვე აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ პრევენციული ბრძოლის მეთოდების მოსახლეობაში გავრცელებაში.
 
ამ პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური ტრენინგი ჩაატარა,  რადგან სტუდენტების ჩართულობა და აქტიურობა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში უმნიშვნელოვანესია - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას. მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ მესხმა სტუდენტებს 2017 წელს მავნებელთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
 
ამ შეხვედრის დროს დაიგეგმა აგრეთვე თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის შესწავლაში.

გალერეა 
Print

« იხ. ყველა სიახლე