ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-06

თსუ 100 წლისაა

თსუ 100 წლისაა
2018 წლის 7-9 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. საიუბილეო ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

საიუბილეო დღეების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერება ხელი. ქართველოლოგიური ცენტრების შექმნასა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით განზრახულობათა ოქმებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე ოთხი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მოაწერენ ხელს. ამავე დროს, გაფორმდება მემორანდუმები თსუ-სა და ევროპის 5 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, გაცვლით პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს.

 დაგეგმილია საუნივერსიტეტო დელეგაციების საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პარლამენტსა და დედაქალაქის მერთან.

იუბილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საერთაშორისო სიმპოზიუმი “უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე“ იქნება, რომელშიც მონაწილეობას უმაღლესი განათლების ექსპერტები და ევროპული უნივერსიტეტების დელეგაციები მიიღებენ. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საპატიო დოქტორის მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება. თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება ევროპის და აშშ-ის 7 უნივერსიტეტის რექტორებს და 3 უნივერსიტეტის პროფესორებს მიენიჭებათ.

8 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება თსუ-ს გერბი უნივერსიტეტის ცენტრალური შენობის ფოიეში. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მთავარი საიუბილეო ცერემონია და მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავების, ფოლკლორული ანსამბლებისა და სუხიშვილების საბალეტო დასის მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო დროშები გამოიფინა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, საქართველოს პარლამენტის შენობაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში; უნივერსიტეტის ფერებში საზეიმოდ განათდება  უნივერსიტეტის შენობის ფასადი, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე გამოფენა გაიმართება, მათ შორის წარმოდგენილი იქნება პირველი საუნივერსიტეტო წიგნის, უნივერსიტეტის ისტორიის და თსუ-ს არქელოგიური ექსპედიციების აღმოჩენების ექსპოზიციები.

თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკმა გამორჩეული დიზაინის 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა  გამოუშვა, მალე მიმოქცევაში იქნება საიუბილეო საფოსტო მარკა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართება -  ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო.

იუნესოკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით   სპეციალურ მილოცვას აგზავნის და უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს იუბილეს ულოცავს.

„ათწლეულების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საქმიანობაში, ნაწილობრივ თავის სტუდენტთა და მასწავლებელთა მულტიკულტურული შემადგენლობის გამო. უნივერსიტეტი ასრულებს  რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბის როლს, რითაც მნიშვნელოვანი გავლენა ახდენს უმაღლესი განათლების  განვითარების თვალსაზრისით რეგიონში. დღეისათვის, თსუ მასპინძლობს სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გაცვლითი სტუდენტების თვალსაზრისით ევროკავშირის ქვეყნებიდან“ -ნათქვამია იუნესოკოს გენერალური დირექტორის მილოცვაში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო დონეზე  დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.

1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) ამიერკავკასიის კომისარიატმა უნივერსიტეტის წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა, შედეგად ზუსტად 100 წლის წინ 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით,  26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება; 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 600-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World Report).


Print

« იხ. ყველა სიახლე