ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომები გადაეცათ იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის (გერმანია) უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორს, დოქ. ჯობრატო მუქერჯის და ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორს ანა სონჩინის.
„საპატიო დოქტორის წოდება გადაეცათ ჩვენი უნივერსიტეტის მეგობრებს გისენის უნივერსიტეტიდან პროფესორს მუქერჯის და ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორს სონჩინის,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, გისენის უნივერსიტეტთან თსუ-ს მრავალწლიანი ნაყოფიერი ურთიერთობა აქვს, ბევრი ერთობლივი პროექტი განხორციელდა.
„მთავარი პროექტი, რომელზეც დღეს ვმუშაობთ, გახლავთ საქართველოს გეოგრაფიული ატლასი. პირველად საქართველოს ისტორიაში გამოიცემა აკადემიური, სამეცნიერო ატლასი საქართველოსი, რომელშიც ჩართულია გისენის უნივერსიტეტი ქართველ პროფესორებთან ერთად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროდუქცია წარდგენილი იქნება ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ასევე, ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ბოლონიის უნივერსიტეტთან. პროფესორი სონჩინი ხელმძღვანელობდა ქართველ დოქტორანტებს, რომელთაც დაიცვეს ერთობლივი დისერტაცია. ბოლონიის უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის ასეთი სახის თანამშრომლობა პირველი შემთხვევაა საქართველოში,“- განაცხადა
გიორგი შარვაშიძემ.
თსუ-სა და გისენის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა თსუ საპატიო დოქტორმა ჯობრატო მუქერჯიმ.
„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება. ჩვენ უნივერსიტეტებს - თსუ-სა და გისენის უნივერსიტეტებს პარტნიორობის ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს. ვიმედოვნებ, მომავალში ეს ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო შედეგიანი იქნება,“- აღნიშნა
ჯობრატო მუქერჯიმ.
თსუ საპატიო დოქტორის
ანა სონჩინის თქმით,
„ბოლონიის უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის ათწლიანი თანამშრომლობის ერთგვარი დაგვირგვინებაა დღევანდელი დღე. ჩვენ კვლევით კომპოპნენტებში ვთანამშრომლობდით და ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც თსუ-სა და ბოლონიის უნივერსიტეტებს შორის გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა.“
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პროფ. დოქ. ჯობრატო მუქერჯიმ წაიკითხა საჯარო ლექცია "ევროპული იდეა და უმაღლესი განათლების როლი იუსტუს - ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის მაგალითზე". პროფესორმა ანა სონჩინიმ წაიკითხა საჯარო ლექცია "მწერლების თვალით დანახული ევროპა".