ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ მე-10 და მე-11 კორპუსებში მდებარე ლაბორატორიები დაათვალიერა, შეხვდა ეკონომიკისა და ბიზნესის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
Bloomberg-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია თსუ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ეხმარება ჩაერთონ საერთაშორისო ბაზრის კვლევებში, საერთაშორისო ბაზრების მენეჯმენტში, გამოიკვლიონ ბაზრის თანამედროვე ტენდენციები, თავისებურებები, რეალურ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით მოამზადონ სპეციალისტები დილინგის, ინვესტირების, ბანკების, საფინანსო და სადაზღვევო კორპორაციებისათვის. თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით,
„ბლუმბერგის ლაბორატორია ერთადერთია რეგიონში და ღია არის სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც. ეს ლაბორატორია იძლევა კარგი პრაქტიკის და იმ ჩვევების მიღების საშუალებას, რომელიც სტუდენტს დაეხმარება შემდგომ დასაქმებში, ბიზნესის კეთებასა და ბიზნესის სამყაროში გარკვევაში. ფაბლაბით კი 180-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა. იმედია, მომავალში სტარტაპების რაოდენობა უფრო მეტი იქნება. ფაბლაბის კარი არის ღია, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, დაიწყოს საკუთარი ბიზნესი.“
ფაბლაბის (ბიზნესინკუბატორის) დათვალიერებისას თსუ რექტორი ესაუბრა სტუდენტური პროექტების წარმომადგენლებს. ფაბლაბის მთავარი ამოცანაა სტუდენტ-გამომგონებელთა, ინოვატორთა და დამწყებ მეწარმეთა ხელშეწყობა, ენთუზიასტების გაერთიანება, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
„ფაბლაბი საკმაოდ კარგი სივრცეა იმისთვის, რომ ჩვენი იდეები პრაქტიკულად განვახორციელოთ. საკმაოდ კარგი დანადგარებიც არის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ნებისმიერი იდეა, ასე თუ ისე, დიზაინერების ხელშეწყობით, განვახორციელოთ. მაგალითად, როგორიც არის მაგალითად „მატა ვუდსი“. ეს არის ჩვენი პირველი სტარტაპი, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. რამოდენიმე ადგილას გვაქვს შეტანილი ჩვენი პროდუქცია და შეგვიძლია ამით კონკურენცია გავუწიოთ სხვა Fablab-ებს“,- აღნიშნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა
ლუკა ცერცვაძემ.