2018-03-27

კვლევის „უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები“ პრეზენტაცია

კვლევის „უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები“ პრეზენტაცია
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის (ISET), მსოფლიო ბანკისა (World Bank) და UNICEF-ის ორგანიზებით კვლევის „უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრო. მისი თქმით, ანგარიში, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა მოამზადეს, ეძღვნება განათლების პრობლემებს საქართველოში და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალ გზებს . "ძალიან საინტერესო პრეზენტაცია და მოსაზრებებია, თუმცაღა ბევრი საკითხი არის სადავო და იმედი გვაქვს, რომ კონფერენციის მიმდინარეობისას მოვახერხებთ ძირითად პრინციპებზე შეთანხმებას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.

ღონისძიება განათლების პოლიტიკის ფორუმის (EPF) ფარგლებში ჩატრდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

“დღეს გვაქვს უმაღლესი განათლების შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია. ჩვენ შევეცადეთ მოგვეხდინა ძირითადი პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება. შევხვდით ბევრ დაინტერესებულ მხარეს და არსებული მონაცემების ანალიზისა და ჩვენი კვლევის საფუძველზე შემუშავდა გარკვეული რეკომენდაციები. რეკომენდაციები შეეხება იმ ხედვებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება უმაღლესი განათლების განვითარება საქართველოში კონკრეტული მიმართულებებით, იქნება ეს განათლების ხარისხი, ინტერნაციონალიზაცია, თუ კვლევითი მიმართულების განვითარება,“-
აღნიშნა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლევან ფავლელიშვილმა.

ფორუმის მთავარი მიზანია საქართველოში უმაღლესი განათლების შესახებ არსებული კრიტიკული შეხედულებების, სახელმწიფოს პრიორიტეტებისა და განათლებაში ჩადებული ინვესტიციების შესახებ მოსაზრებების გაცნობა-გაზიარება. ფორუმზე ასევე განხილული იყო საქართველოში განათლების 2016-2020 წლის სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები.

Print

« იხ. ყველა სიახლე