სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2005  წლიდან არსებობს. თუმცა,  მასში შემავალი ცალკეული სპეციალობები თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დაფუძნების  პირველი  წლებიდანვე შეისწავლება.  ფაკულტეტზე ფუნქციონირებს 6 მიმართულება:  პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა, საზოგადოებრივი გეოგრაფია, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია  და ინტერდისციპლინური,  სადაც სტუდენტებს სთავაზობენ  7 საბაკალავრო, 16 სამაგისტრო და 13 სადოქტორო პროგრამას. ფაკულტეტზე სწავლობს  2200-ზე მეტი სტუდენტი,  რომელთა   დიდი  უმრავლესობა ფლობს სრულ ან ნაწილობრივ სახელმწიფო გრანტს. 

ფაკულტეტის მრავალფეროვანი და ხარისხიანი აკადემიური პროგრამები განაპირობებს  სტუდენტების კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებას და ავითარებს მათ კრიტიკულ აზროვნებას.

ფაკულტეტის  მისიაა,  ახალი ცოდნის შექმნისა და გავრცელების გზით,  ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.

ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართულ აკადემიურ სივრცეში წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო ინტერნაციონალიზებულ საუნივერსიტეტო ჯგუფს.  ყოველწლიურად 50-მდე საუკეთესო სტუდენტი მიემგზავრება პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში ერასმუს + პროგრამით. ასევე, ათობით სტუდენტი თსუ-ის ორმხრივი თუ სხვა პროგრამებით სწავლობს  უცხოეთის  უმაღლეს სასწავლებლებში. ფაკულტეტი ფინანსურად უჭერს  მხარს პროფესორებსა და  სტუდენტებს, რათა მათ საზღვარგარეთ მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება - აკადემიურ კონფერენციებში, ახალგაზრდულ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის  გზით.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულები  ქვეყნის ყველაზე  წარმატებულ  ლიდერთა შორის არიან. ისინი  ნაყოფიერად  მუშაობენ  საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა   ქვეყნის აკადემიებში,  საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში,  კვლევით ცენტრებში, საჯარო სამსახურებსა და კერძო სექტორში.