2019-09-13

საერთაშორისო კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები 2019“

შედარებითი და არეალური ენათმეცნიერების ორასწლოვან ისტორიას და ენათმეცნიერ რასმუს რასკს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“ უკვე მესამედ იმართება. კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებოდნენ.

„კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები 2019“ ახალგაზრდა მეცნიერებს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც  სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები არიან  ჩართულნი, ლინგვისტური თეორიების შეფასება სხვადასხვა კუთხით ხდება. საქართველოში ლინგვისტიკა საკმაოდ განვითარებული იყო და კარგია, რომ ეს ტრადიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სამეცნიერო მოვლენაა. „ასეთი კონფერენციები ღრმად გვახედებს საქართველოს ისტორიულ წარსულში, რასმუს რასკი ურთულეს პერიოდში, მეცხრამეტე საუკუნეში იყო საქართველოში. ბუნებრივია, რომ ასეთი პიროვნების მოღვაწეობა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციას  ევროპულ სამეცნიერო წრეებში ასეთი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა,“ - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა. 

200 წლის წინ, როცა უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ცნობილი ნაშრომი ისლანდიური ენის შესახებ,  რასმუს რასკი სამოგზაუროდ აღმოსავლეთში გაეშურა. მან პეტერბურგიდან დაიწყო, იქიდან კი თბილისში გადმოვიდა. თბილისის შემდეგ მოიარა ირანი, ინდოეთი და ცეილონი. ამ მოგზაურობის დროს შექმნილმა ნაშრომებმა მტკიცე საფუძველი შეუქმნა ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებას. საილუსტრაციოდ კმარა რამდენიმე სტატიის დასახელება: „ნორვეგიის, ისლანდიის, შვედეთისა და ფინეთის ენებისა და ლიტერატურის შესახებ“, მისი შრომები ზენდური ენისა და ინდოეთის ენებში ევროპულის მსგავსი ბგერების გადმოცემის თაობაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი კონფერენცია ეძღვნება რასმუს რასკსა და შედარებითი და არეალური ენათმეცნიერების ორასწლოვან ისტორიას.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის თინათინ ბოლქვაძის თქმით, რასმუს რასკის სამეცნიერო კვლევებში დიდი  წვლილი მიუძღვის მის საქართველოში ყოფნის პერიოდს. „თბილისი ყოველთვის იყო მრავალენოვანი, მრავალკულტურული ქალაქი. ენათა ცვლილებები, ურთიერთგავლენები ნათლად აისახა რასმუს რასკის სტატიებში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კონფერენციათა ციკლს, რადგან იდეოლოგიას დიდი გავლენა აქვს ზოგადად ენათმეცნიერებაზე. ლინგვისტური იდეების წარმოშობის და განვითარების კვლევა ყოველთვის არის ენათმეცნიერების ისტორიის ინტერესის საგანი,“ - განაცხადა თინათინ ბოლქვაძემ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი,  დანიის  მეცნიერებათა სამეფო აკადემია, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო  უნივერსიტეტი.


Print

« იხ. ყველა სიახლე