Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

იურიდიული ფაკულტეტი

„შრომის სამართლის სტატიათა კრებული“ თეორიული ცოდნისა და მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისთვის

საბჭოთა კავშირი დაშლის შემდეგ, რომელსაც საკუთარი, ყველა სახელმწიფოსგან განსხვავებული, შრომის სამართალი გააჩნდა, დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარმა რესპუბლიკებმა, დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებით, ახალი სამართლებრივი სივრცის შექმნა დაიწყეს. მათ შორის იყო საქართველოც, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა საბჭოთა პრინციპებზე აგებული ძველი კოდექსი და მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, მაინც არ აკმაყოფილებდა საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე გადაწყობილი საზოგადოების მოთხოვნებს. 2006 წელს, სრულიად ახალი შრომის კოდექსი ამოქმედდა; ამ მომენტიდან საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეს სფერო კვლავაც ყოველგვარი თეორიული საფუძვლის გარეშე ვითარდებოდა; შესაბამისად, არც სწავლებასთან დაკავში-რებული რაიმე მნიშვნელოვანი მასალა მოიპოვებოდა მაშინ, როდესად შრომის სამართალი უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც სავალდებულო დისციპლინა, ისე იკითხებოდა. პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, კოდექსისა და რამდენიმე სტატიის გარდა, სახელმძღვანელო მასალა არ გააჩნდათ.

2011 წლის ნოემბერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პირველი „შრომის სამარ-თლის სტატიათა კრებული“ გამოიცა, რომელიც ამ ქვედარგის აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება. მისი მიზანი იმ ვაკუუმის შევსება იყო, რომელიც ამ მიმართულებით ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობდა. 2014 წლის 17 იანვარს კი, შრომის სამართლის სტატიათა მეორე, 2013 წლის კრებულის პრეზენტაცია შედგა. იგი წინამორბედი პუბლიკაციის ლოგიკურ გაგრძელებაა. (პროექტის პარტნიორია გამომცემლობა „მერიდიანი“, რომელმაც საკუთარ თავზე აიღეო პირველი და მეორე გამოცემათა დაბეჭდვის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა).

როგორც კრებულის ერთ-ერთი ავტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, ამავე ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი ამირანაშვილი აღნიშნავს, თავიდანვე უარი ითქვა კომენტარის ტიპის ნაშრომზე და არჩევანი შეჩერდა სტატიებზე, რაც გამოწვეული იყო იმ პერიოდისათვის მოქმედი შრომის კოდექსის ხარვეზებით, რომელებიც, უდავოდ საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვდა. ამასთან, ორივე გამოცემაში სამეცნიერო სტატიების გვერდით, განთავსებულია ის სამაგისტრო ნაშრომებიც, რომლებსაც წარმატებით იცავენ მაგისტრანტები თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე.

„შრომის სამართლის სტატიათა კრებულის“ პირველი გამოცემის რედაქტორია სამართლის დოქტორი ვახტანგ ზაალიშვილი. მასში განხილულია: შრომის თავისუფლების არსი; შრომის ხელშეკრულების დადებამდე დამსაქმებლის მიერ კანდიდატისათვის დასმული დისკრიმინაციული შეკითხვის სამართლებრივი შედეგები; ზიანის ანაზღაურების საკითხი წინასახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისას; დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები; დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობაში; დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზღვევა; ხელშეკრულების მოშლის თავისებურებები; სასამართლო პრაქტიკა შრომით დავებზე.

მეორე  გამოცემაში კი, განთავსებულია 8 სტატია, რომლებიც  წარმოადგენს შრომის კოდექსში 2013 წელს შესული ახალი რეგულაციების ანალიზის მცდელობას სამეცნიერო ჭრილში; ეს მართებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის კარგი საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს.

ნაშრომი „შრომითი დისკრიმინაციის შესახებ დავის განხილვის სპეციფიკა“ (ავტორი – ზაქარია შველიძე) ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის ერთ-ერთ განჩინებას, სადაც საუბარია დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე, რაზეც მანამდე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებებში ნაკლებად მახვილდებოდა ყურადღება. სტატიაში განხილულია მოცემული დავის სასამართლოს სამივე ინსტანციაში განვითარებული პროცესი და გამოყოფილია დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი. ნაშრომში არის მცდელობა, შეფასდეს დისკრიმინაციის არარსებობის შესახებ სასამართლოს მსჯელობის საფუძვლიანობა.

შრომითი ხელშეკრულების დადებისას, დამსაქმებლის მიერ პირობების წინასწარ ჩამოყალიბებასა და მათი შინაარსის კონტროლს უკავშირდება სტატია „ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შინაარსის კონტროლი“ (ავტორი – თათია კერესელიძე). ხოლო, სტატიაში „სამუშაო დროის თავისებურებანი“ (ავტორი – მარიამ ბაჯიაშვილი) საუბარია საქართველოს შრომის კოდექსში არსებულ ხარვეზებზე სამუშაო დროის რეგულირებასთან დაკავშირებით, რაც გამოვლენილია გერმანულ ანალოგთან შედარებითსამართლებრივი ანალიზის საფუძველზე.

ქართული და გერმანული სამართლის მაგალითზეა გაანალიზებული ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირების თავისე-ბურებანი. სტატია „ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება“ (ავტორი – სალომე ქავთარაძე)  შესაძლებლობას იძლევა, მკითხველმა შეაფასოს თითოეული სისტემის დადებითი, თუ უარყოფითი მხარეები და განსხვავებები.

ნაშრომში „კონკურენციის აკრძალვა შრომით ურთიერთობაში“ (ავტორი – თათია ბერიკელაშვილი) განხილულია განვითარებული სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნების შესაბამისი პრაქტიკა და გამოთქმულია მოსაზრებები, თუ რა მიდგომის ჩამოყალიბება იქნება უფრო ხელსაყრელი საქართველოსათვის. კვლევაში, ასევე, ასახულია ის სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც დაეხმარება სასამართლოს დავების განხილვასა და სათანადო გადაწყვეტაში.

კრებულში ორი ნაშრომი ეძღვნება დამსაქმებლის პასუხისმგებლობას დასაქმებულის მიერ მესამე პირისათვის მიყენებული ზიანისათვის (ავტორები – გიორგი ამირანაშვილი; თამარ შუდრა). მათი მიზანია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობისა და ამ ნორმის გამოყენების წინაპირობათა ანალიზი.

სტატიის „დასაქმებულის დაცვა უცხოური ელემენტის მონაწილეობით დადებულ ხელშეკრულებაში“ (ავტორი – სალომე ფრუიძე)  მიზანია, უცხოური ელემენტით დატვირთული შრომით ხელშეკრულებისას დასაქმებულის დამცავი ნორმების მიმოხილვა ევროპული კავშირის სამართლის მიხედვით და მათი შედარება ქართული სამართლით გათვალისწინებულ წესებთან. ამ გზით ხორციელდება ქართულ სამართალში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების წარმოჩენა, მათი გადაჭრის გზების დასახვა და რეკომენდაციების შემუშავება.

უჩა ძიმისტარიშვილის ნაშრომში „შრომითი ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსა და დასაქმებულს შორის“ განხილულია  ადმინისტრაციულ ორგანოსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების პრობლემატიკა. მთავარი კითხვა, რომელზედაც პასუხის გაცემას ცდილობს ავტორი, არის ის, პასუხობს თუ არა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა თანამედროვე მოთხოვნებს და ხომ არ საჭიროებს იგი სისტემურ ცვლილებას.
შრომის სამართლის სტატიათა მეორე კრებულის რედაქტორის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ბესარიონ ზოიძის განმარტებით, „კრებულში ახალგაზრდა მეცნიერებს პრობლემები შედარებით სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით აქვთ გაანალიზებული და საინტერესო წინადადებებს იძლევიან მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის თვალსაზრისით. კრებულის მთავარი ღირებულება ის არის, რომ იგი შეიცავს იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების დახასიათებას, რომელსაც არსებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქართული შრომით-სამართლებრივი სისტემის შემდგომ განვითარებაზე“.

შრომის სამართლის სტატიათა ორივე კრებული ქართულენოვანი მკითხველისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო წყაროა. ამ გამოცემების დახმარებით, მკითხველს არაერთი სამართლებრივი ინსტიტუტის არსისა და პრაქტიკაში  გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია. ორივე პუბლიკაცია მნიშვნელოვანი შენაძენია როგორც აკადემიური წრის, ისე პრაქტიკოსი იურისტების, სტუდენტებისა და, ზოგადად, სამართლის ამ დარგით დაინტერესებული მკითხველებისათვის.

კრებულების აქტუალობიდან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამხრეთ კავკასიაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით უკვე დასრულებულია მუშაობა სტატიათა კრებულის მესამე, 2014 წლის გამოცემაზე, რომელიც მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახდება 2015 წლის იანვარში.

გამოცემაში განთავსებულია 8 სტატია, რომლებიც  წარმოადგენს შრომის კოდექსში 2013 წელს შესული ახალი რეგულაციების ანალიზის მცდელობას სამეცნიერო ჭრილში; ეს მართებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის კარგი საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს.