ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
საფონდო ბაზარი საქართველოში: არსებული რეალობა და გაურკვეველი მომავალი
ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და, საერთო ჯამში, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, პირდაპირ კავშირშია კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან. ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ერთ–ერთი რეალური ბერკეტია ინვესტიციების მოზიდვა, რომლის ყველაზე მიღებული და პრაქტიკული ფორმაა ფასიან ქაღალდებში ინვესტირება საფონდო ბაზრის მეშვეობით. განვითარებული მსოფლიოსთვის (დასავლეთი ევროპა, აშშ, კანადა, იაპონია, ჩინეთი და სხვა მძლავრი საფონდო ინდუსტრიის მქონე ქვეყნები) ნათელია რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზებული საფონდო ბაზარი (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ევრონექსტი, Nasdaq OMX, ლონდონის საფონდო ბირჟა და მრავალი სხვა საფონდო მოედანი) და მისი მთავარი რგოლი – საშუამავლო ბიზნესი ანუ საბროკერო კომპანიები – საინვესტიციო ფირმები („მერილ ლინჩი“, „მორგან სტენლი“, „გოლდმან საქსი“, „ჯეი პი მორგანი“, „ბარკლაის ქეპიტალ“ და მრავალი სხვა საინვესტიციო ბან-კი). შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი პლიუსმა“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც არის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასისტენტ-პროფესორი დავით ასლანიშვილი, წლების განმავლობაში არაერთი კვლევა განახორციელა „საქართველოს საფონდო ბაზრის, მისი განვითარების, ინდუსტრიისა და არსებული მდგომარეობის შესახებ“.
საქართველოში საფონდო ბირჟა აშშ-ს განვითარების სააგენტოსა და ბარენც ჯგუფის ხელშეწყობით და დაფინანსებით 2000 წელს შეიქმნა. მაშინვე მომზადდა კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“. 2004 – 2008 წლებში ქვეყანაში 42 საბროკერო კომპანია არსებობდა, რაც საქართველოს კანონმდებლობით, საინვესტიციო ბანკის ექვივალენტური ინსტიტუტია. თუმცა, 2008 წლიდან ამოქმედებული გამკაცრებული წესების გამო, მათი რიცხვი, ფაქტობრივად, განახევრდა და დღეს უკვე 7-ია, აქედან დამოუკიდებელი ერთეულია 3, ხოლო 4 – კომერციული ბანკის ფილიალია.
როგორც თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასისტენტ-პროფესორი დავით ასლანიშვილი განმარტავს, ჩვენს ქვეყანაში საფონდო ბირჟის განვითარება გარკვეულ ეტაპზე შეფერხდა, რაც გამოწვეული იყო ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით.
განხორციელებული კვლევების თანახმად, საბროკერო კომპანიის საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული საფონდო ბირჟაზე გარიგების საჯარო წესით დადებასთან, რაც ღია წესით და ტრანსპარენტულ გარემოში ხორციელდება. ეს პროცესი უკავშირდება სწორედ საბაზრო ფასის ცნებას. 2000 – 2007 წლებში საქართველოში არსებობდა ე.წ. დახურული ლოტით ვაჭრობის პრობლემა. როგორც დავით ასლანიშვილი აღნიშნავს, შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფის“ ინიციატივით, ბირჟაზე შეიცვალა ვაჭრობის წესები და გაუქმდა ე.წ N პარამეტრი. თუმცა, ცოტა ხანში, იმ პერიოდის მმართველმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გუნდმა ქვეყანაში თავისუფალი ფასწარმოქმნის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომები მიიღო.
მეცნიერის განმარტებით, კვლევების შედეგად დგინდება, რომ საქართველოში განვითარებული ქვეყნების მსგავსი წა-მოწყებისა და წარმატების შანსი მიზერულია, რისი მთავარი მიზეზიც არის ფულადი რესურსის წყაროს მოზიდვის ორ ძირითად საშუალებას (საბანკო სესხი და საფონდო ბაზარი) შორის არსებული პრობლემები.
წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებში ფულის მოზიდვის ორი მექანიზმი – საბანკო სესხი და საფონდო ბაზარი ურთიერთსასარგებლო სინერჯიას ავლენს, ხოლო საქართველოში ფულადი რესურსის მოზიდვის მხოლოდ ერთი მექანიზმი – საბანკო სესხი და მთლიანობაში კომერციული საბანკო სისტემა არსებობს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს არ მისცეს გასაქანი ფულის რესურსის მოზიდვის მეორე მექანიზმს (რომელიც მთავარ კონკურენტად მიაჩნია) – საფონდო ინდუსტრიას.
საქართველოს საფონდო ბირჟის მესაკუთრეთა სტრუქტურის ანალიზით (წყარო: რეესტრის მწარმოებელი სს „კავკასრეესტრი“) დგინდება, რომ 2014 წლის მდგომარეობით, საფონდო ბირჟის აქციათა 56 პროცენტი უკვე ამ სტრუქტურის კონკურენტის – ქართული კომერციული ბანკების საკუთრებაშია. ეს კი კვლევების ავტორის აზრით, იმას ნიშნავს, რომ ქართული კომერციული ბანკები არ დაუშვებენ საქართველოში მათი კონკურენტის – საფონდო ბაზრის რეალურ განვითარებას, რადგან ეს ეწინააღმდეგება მათ არსებულ პრეფერენციულ და წარმატებულ ფინანსურ მდგომარეობას.
ანალიზის თანახმად, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ 2008 წელს შეცვლილი კანონმდებლობით მთლიანად ფულადი ბაზრის ამ ორივე სფეროს ერთი მეგარეგულატორი ჰყავს – საქართველოს ეროვნული ბანკი.
დავით ასალანიშვილი ამბობს, რომ „2007 – 2008 წწ. მომხდარი ე.წ. „ლიბერალური საკანონმდებლო ცვლილებებით“ გაუქმდა საფონდო ბაზრის აუცილებელი ატრიბუტი – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, მისი ყველა უფლება გადაეცა ქართული კომერციული ბანკების რეგულატორს და მათი ინტერესების გამტარებელ საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამას თან დაერთო საბროკერო კომპანიების მიმართ გატარებული უმკაცრესი პოლიტიკა, რომლის შედეგად საქართველოში 2014 წლისთვის, ფაქტობრივად, აღარ დარჩა კომერციული ბანკისგან დამოუკიდებელი შუამავალი რგოლი – საბროკერო კომპანია“.
კვლევის თანახმად, მთლიანობაში საქართველოში საფონდო ინდუსტრიის სტატისტიკური შედეგები ასეთია:
2000-2002 წწ. საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო დარბაზში დაშვებული იყო 282 ქართული სააქციო საზოგადოების აქცია, ხოლო 147 სააქციო საზოგადოება პოტენციურად განიხილავდა აქციების ბირჟაზე დაშვებას. 2007 წლამდე ეს რაოდენობა დიდად არც შეცვლილა.
2003 წელს მათი რიცხვი 278 ითვლიდა, 2004 წელს – 276, 2005 წელს ეს რაოდენობა 253-მდე შემცირდა და 2006 წელს 242 სააქციო საზოგადოებას ითვლიდა. გამოიკვეთა ლისტინგში მყოფი სააქციო საზოგადოებათა ჯგუფი, ხოლო სს „საქართველოს ბანკი“ ორ საფონდო მოედანზე – საქართველოს საფონდო ბირჟასა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებდა.
თსუ ასოცირებული პროფესორი ამბობს, რომ უკვე 2008 წლიდან, ანუ ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველოში აქციის ცივილური გზით ყიდვა-გაყიდვა აღარ არსებობს. რაც იმას ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში, საჯარო, საფონდო ბირჟაზე დაშვებული აქციის გადაცემა შესაძლებელია ფურცელზე უბრალო წარწერით, ყოველგვარი აუქციონის თუ ვაჭრობის გარეშე – მთავარია საბუთზე ხელი იყოს მოწერილი. რაც მთავარია, ამ გზით საერთოდ ბუნდოვანი გახდა ფულადი ტრანზაქციის კონტროლი.
როგორც ანალიზიდან ირკვევა, 2007-2008 წწ. მომხდარი ცვლილებების პარალელურად, საქართველოში თანდათან გაქრა სააქციო საზოგადოებათა მენეჯმენტის დაინტერესება, ივაჭრონ აქციებით ღია და ტრანსპარენტულ გარემოში, თუ კანონი ამას არც მოითხოვს. შესაბამისად, თუ 2006 წელს ბირჟის სავაჭრო სისტემაში (ლისტინგის გარეშე) 242 კომპანია იყო, 2007 წელს რიცხვი 161-მდე, ხოლო 2013 წელს 129-მდე შემცირდა;
ამ პერიოდში საქართველში რადიკალურად დაეცა საფონდო ბირჟის ბრუნვაც. თუ 2006-2007 წწ. ბირჟის სავაჭრო სისტემის (ანუ ღია და ტრანსპარენტულ გარემოში დადებული გარიგებები, N პარამეტრის დაბრკოლების მიუხედავად) ბრუნვა 167-169 მლნ ლარს აღწევდა, მომდევნო 2008 წელს ის 14-ჯერ შემცირდა (ანუ 1400 პროცენტიანი ვარდნა) და აგრძელებს ვარდნას მომდევნო წლებში. 2013 წლის შედეგით კი ქვეყნის საფონდო ბირჟის ბრუნვა 530,491 ლარს უდრის, რაც 2007 წელთან შედარებით 338 ჯერ ნაკლებია.
ქართული საფონდო ბაზრის პრობლემა კიდევ უფრო გართულდა მსოფლიო კრიზისის პერიოდში.
„ცივილური სახელმწიფო მსოფლიო კრიზისის დროს ცდილობს მხარში დაუდგეს ბიზნესს, რაც არ მოხდა საქართველოში. ეკონომიკური, საკანონმდებლო და საბაზრო სიტუაციის გაუარესების კვალდაკვალ საბროკერო კომპანიებს, რომლებიც ისედაც უფუნქციო და შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე დარჩნენ, მარეგულირებელი (საქართველოს ეროვნული ბანკი) უზრდის საწესდებო კაპიტალის მოთხოვნებს და აუქმებს სამი ტიპის ლიცენზიას. ამასთან სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ გენერალურ ლიცენზიას, რომლის დაკმაყოფილების უნარი, ფაქტობრივად კომერციულ ბანკებს და მათ ფილიალებს შეუძლიათ. ამ ეტაპზე ლიცენზიის შენარჩუნებისთვის საბროკერო კომპანიას მოეთხოვება 360,000 ლარის კაპიტალი, ხოლო მომდევნო წლიდან 500,000 ლარი. კაპიტალის აღიარების გართულებული სქემის თანახმად, კაპიტალის შევსების წყაროდ მიჩნეულია მხოლოდ ფულადი რესურსი, რაც ბაზრის საერთო დაცემის ფონზე, არ აძლევს დამოუკიდებელ საბროკერო კომპანიას კონკურენცია გაუწიოს კომერციული ბანკის ფილიალებს. ამით ადგილი აქვს საფონდო ინდუსტრიის, როგორც საბანკო სესხის ალტერნატივის ფაქტობრივ გაქრობას, რითაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხელი შეუწყო სა-ფონდო ბაზრის კომერციული საბანკო სექტორისადმი (ანუ კონკურენტული სტრუქტურის) დამორჩილების ტენდენციას“. – აცხადებს კვლევის ავტორი.
რაც შეეხება ბირჟისა და ტრანსპარენტული გარემოს გარეთ დაფიქსირებულ გარიგებათა რაოდენობას – საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი „პლიუსის“ მიერ განხორციელებული კვლევების თანახმად, 2008-2014 წლების განმავლობაში საქართველოში ე.წ. ფიქსინგმა 3453 შეადგინა. მათი ჯამური მოცულობა აქციებში 5,054,520, 669 ცალი დაფიქსირდა, ხოლო ჯამური ღირებულება 1,233,305,848 ლარს გაუტოლდა. რაც იმას ნიშნავს, რომ „რუხმა“ ბაზარმა ღია ბაზრის ოდენობას 2008 წელს 24-ჯერ, 2009 წელს 32-ჯერ, 2010 წელს 19-ჯერ, 2011 წელს 8-ჯერ, 2012 წელს 90-ჯერ და 2013 წელს 100-ჯერ გადააჭარბა. ეს კი დავით ასლანიშვილის თქმით, იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთელი საფონდო ბაზარი რუხმა, არატრანსპარენტულმა „ველურ-ლიბერალურმა“ ბაზარმა ჩაანაცვლა.
თსუ ასოცირებული (ასისტენტ) პროფესორის შეფასებით, ამ ეტაპზე საფონდო ბაზარმა საქართველოში დაკარგა თავისი მთავარი ფუნქცია – იყოს აქციებზე ფასწარმოქმნის საბაზრო ფუნდამენტი. შესაბამისად, აქციებით თუ სხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
მეცნიერი გამოსავალს საკანონმდებლო ცვლილებაში ხედავს. როგორც დავით ასლანიშვილის აღნიშნავს, 2012 წლის ოქტომბრიდან, საფონდო ბაზრის გადარჩენის და მისი განვითარების მიზნით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს წარედგინა იმ ცვლილებათა ნუსხა, რომელიც აუცილებელია სიტუაციის გაჯანსაღებისთვის. ჯერჯერობით კანონპროექტი პარლამენტის განხილვის საგანი არ გამხდარა.