Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ გენდერის კვლევების ინსტიტუტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტი 2012 წელს დაფუძნდა, როგორც უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული. ინსტიტუტი უზრუნველყოფს გენდერის მიმართულებით არსებული აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობასა და ადმინისტრირებას.

გენდერის კვლევების ინსტიტუტის მიზნებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის მიმართულების ინტერ-დისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარება, გენდერის პრობლემებზე მომუშავე აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო სტუდენტების თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური პლატფორმის უზრუნველყოფა, გენდერის კვლევის სასწავლო საგნების ინტეგრაცია უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და კვლევებში, უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციული პერსონალისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული უთანასწორობის პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.

გენდერის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თსუ ასოცირებული პროფესორის თამარ საბედაშვილის ინფორმაციით, გენდერის კვლევები შედარებით ახალი დისციპლინაა და მისი აქტიური განვითარება ევროპისა და ამერიკის აკადემიურ წრეებში 90-იანი წლებიდან შეინიშნება. თსუ-ის გენდერის კვლევის ინსტიტუტი ერთადერთია ამიერკავკასიაში და ცდილობს გენდერის კვლევების დანერგვას ქართულ და ასევე რეგიონის აკადემიურ სივრცეში. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობების ანალიზის, ქალთა უფლებებისა და მდგომარეობის შესწავლის, ფემინურობის, მასკულინობისა თუ სხვა გენდერული იდენტობების კვლევის თვალსაზრისით, გენდერის როგორც ანალიტიკური კატეგორიის გამოსაყენებლად ძალაუფლებისა და რესურსების გადანაწილების ანალიზისას.

გრძელვადიან პერსპექტივაში გენდერის კვლევების ინსტიტუტი გეგმავს სტუდენტების კიდევ უფრო აქტიურ ჩართვას კვლევითი პროექტების განხორციელებაში და კურიკულუმისგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებაში.

ამ ეტაპზე, ყოველთვიურად, ინსტიტუტი აწყობს საჯარო ლექციებს და ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას გენდერისა და ქალთა უფლებების საკითხებზე. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში აკადემიური დებატისა და დისკურსის გასავითარებლად. ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს სოციალური მეცნიერებების ცენტრთან (რომლის მხარდაჭერითაც შეიქმნა და დაფუძნდა) და მისი კურსდამთავრებულები და სტუდენტები ჩართულები არიან არაერთ კვლევით პროექტში, რომელსაც სოციალური მეცნიერებების ცენტრი ახორციელებს. აღნიშნული კვლევები შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას, გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებს, ქალთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებისა და პრიორიტეტების კვლევას.

უშუალოდ ინსტიტუტის მიერ ხორციელდება მცირე მასშტაბიანი სტუდენტური კვლევები იმ საგნების თემატიკიდან გამომდინარე, რასაც გენდერის კვლევის სტუდენტები ეუფლებიან (ეს შეეხება მასკულინობის კვლევებს, ქალთა უფლებების განვითარებას ისტორიულ ჭრილში და სხვ.).

ინსტიტუტის უახლოეს გეგმებს შორისაა: გენდერის დარგში დამატებითი აკადემიური პოზიციების შექმნა პროგრამის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და კვლევითი კომპონენტის გაძლიერების მიზნით; გენდერის კვლევის სადოქტორო პროგრამის ხელშეწყობა და მისი მომავალი კურსდამთავრებულების ჩართვა კვლევებში და სწავლებაში; გენდერის კვლევის, როგორც აკადემიური სფეროს, პოპულარიზაცია აკადემიური წრეებში და გენდერული პრობლემატიკის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა მთელ საზოგადოებაში.

 

V ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში „გენდერული იდენტობები, დამოკიდებულებები და აღქმა“. კონფერენცია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა.