Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი

2014 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი კვლევითი ცენტრი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი შეემატა. ცენტრის დირექტორის, ფსიქოლოგის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, საჯარო პოლიტიკის დოქტორის თამარ მახარაძის ინფორმაციით:ცენტრის შექმნა ეხმიანება იმ პროცესებს, რაც საქართველოში და მთელ მსოფლიოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართ ხორციელდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საზოგადოების 10-12% -ს სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდიდან, განსაკუთრებით კი 21-ე საუკუნის დასაწყისიდან, დიდი ყურადღება ექცევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნასა და მათი სოციალური ინეტეგრაციის ხელშეწყობას. შეზუდული შესაძლებლობა უკვე არ განიხილება როგორც სამედიცინო პრობლემა, ამ თემატიკამ სამედიცინო სფეროდან სოციალურ და უფლებრივ განზომილებაში გადაინაცვლა. ამ მიდგომის მხარდასაჭერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მისიებმა შექმნეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ავალდებულებს (წევრი ქვეყნების შემთხვევაში), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ცხოვრების თანაბარი და ღირსეული პირობები შეუქმნან.

2009 წელს საქართელომ ხელი მოაწერა გაეროს 2006 წლის კონვენციას შშმ პირთა უფლებების შესახებ (UN Convention on the Rights of Persons with Disabilities, CRPD); 2013 წლის დეკემბერში აღნიშნული დოკუმენტი რატიფიცირებულია  საქართველოს პარლამენტის მიერ. გაეროს კონვენციის რატიფიცირება ჩვენს ქვეყანას  შშმ პირებისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნას ავალდებულებს – მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებას სოციალური ფუნქციონირების ყველა სფეროში: ხელმისაწვდომი და  საჭიროებებზე მორგებული განათლება, დასაქმება, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობაში ხელშეწყობა. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, 2014 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადსხვა სფეროში შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშესაწყობად საჭირო თანმიმდევრულ ნაბიჯებს გულისხმობს.  დაგეგმილია ახალი სოციალური პროგრამებისა და სერვისების შექმნა.

საჭირო სერვისების არარსებობის გარდა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობა შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე, რაც შშმ პირთა მიმართ სტიგმის განვითარებას უწყობს ხელს, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლის ამ ადამიანებისთვის განათლების, დასაქმებისა და ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო პირობების შექმნას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში  127 491 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დარეგისტრირებული (თუმცა, რეალურად მათი რიცხვი გაცილებით მეტია). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საჯარო სკოლებში სწავლა. თუმცა, კვლავ ბევრი შშმ ბავშვი რჩება საჯარო სკოლის მიღმა.  არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი შშმ ახალგაზრდა სწავლობს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში; თუმცა, სტატისტიკური მონაცემების გარეშეც შეიძლება ითქვას, რომ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. იგივე შეიძლება ითქვას შშმ პირთა დასაქმების შესახებ – შშმ პირთა დასაქმების მხოლოდ ცალკეული შემთხვევები არსებობს.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დაარსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს აკადემიურ სივრცეში გადაიტანოს იმ საკითხების განხილვა, რომელიც შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით სწორი და თანმიმიდევრული ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს. ცენტრის ძირითადი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებითა და  მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომის გამოყე-ნებით, შშმ პირთა მხადამჭერი სოციალური პროგრამებისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირება.
ცენტრის მუშაობა წარიმართება შემდეგი მიმართულებით:
კვლევითი საქმიანობა: კვლევის გამოყენება ხელს უწყობს მიმდინარე პროგრამების ეფექტიანობის შეფასებასა და ახალი სერვსების დაგეგმვასა და განვითარებას.
სატრენინგო პროგრამების შემუშავება და ჩატარება სხვადსახვა ჯგუფისთვის:
შშმ პირების, მათი ოჯახის წევრებისა და მათი ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და დამსაქმებლების – კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის.

საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა: ცენტრის მუშაობაში ჩართულნი იქნებიან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალური მუშაობის მიმართულების სტუდენტები, რომლებსაც ცენტრში გაწეული საქმიანობა აუცილებელ სასწავლო პრაქტიკად ჩაეთვლებათ. კვლევით პროექტებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი მიმართულებებების (სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სოციალური მუშაობა) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები – ეს გამოცდილება აისახება მათ სამაგისტრო და სადოქტორო შრომებში. კვლევითი პროექტები და სატრენინგო პროგრამები განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საგრანტო პროექტების ფარგლებში.

ფოტოზე: ფონდ „სიცოცხლის ხის“ აქცია „ადგილი დაკავებულია“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 127 491 შეზღუდლი შესაძლებლობის მქონე პირია დარეგისტრირებული (თუმცა, რეალურად მათი რიცხვი გაცილებით მეტია).