Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის გეოლოგია და პრობლემები

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ახლოს, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ადმინისტრაციულად ისტორიულ მესხეთის რეგიონის – ასპინძის მუნიციპალიტეტში შედის. ძეგლი დათარიღებულია XII-XIII საუკუნეებით (1156-1203 წწ). 2007 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. დღეს ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბეჟან თუთბერიძე ვარძიის სამონასტრო კომპლექსის გეოლოგიის პრობლემების კველევაზე უკვე წლების განმავლობაში მუშაობს.

„საუკუნეების განმავლობაში ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მონოლითურობას საფრთხეს უქმნიდა და უქმნის ენდოგენური (მიწისძვრები, ტექტონიკა) და ეკზოგენური (ეროზიული პროცესები) გეოლოგიური პროცესები. რეგიონის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე მიწისძვრას, რომელთაგან 1283 წლის მიწისძვრა გამოირჩევა ყველაზე დიდი დამანგრეველი ძალით; მიწისძვრისას სამონასტრო კომპლექსის კედელს მოწყდა 15 მეტრიანი სისქის ფენა; დაზიანდა კომპლექსის მთლიანი ფართობის 2/3 ნაწილი. სამონასტრო კომპლექსის ამგები ქანების დაშლის პროცესში აქტიურად არის ჩართული აგრესიული ეკზოგენური პროცესები: კლიმატის მკვეთრი ცვალებადობა და განსაკუთრებით, წყლები, რომელიც უხვად მოდის რეგიონში წვიმის, თოვლის ლღობისა და გრუნტის წყლების სახით. სამონასტრო კომპლექსის ნგრევის საქმეში გეოლოგიური პროცესების გარდა გარკვეული როლი კონფლიქტურმა სიტუაციებმაც ითამაშეს, რომელსაც ძეგლი საუკუნეების მანძილზე განიცდიდა სხვადასხვა ქვეყნის დამპყრობელთა შემოსევებისაგან. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ვულკანური და კულტურული პეიზაჟის ერთობლიობის შესანიშნავი ნიმუშია და რთული გეოლოგიით ხასიათდება“, – აცხადებს კვლევის ავტორი ბეჟან თუთბერიძე.

მეცნიერის განმარტებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ძეგლის გადარჩენის მიზნით ყოველწლიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა, ძეგლის მდგომარეობა სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების დაჩქარებასა და გაფართოებას საჭიროებს. ამჟამად სამთავრობო დონეზე არსებობს ვარძიის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც არსებულ პროგრამებთან შედარებით უფრო მრავალკომპონენტიანია. პროგრამა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით ხორციელდება და სამუშაოების ჩატარებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს. ერთ-ერთი მთავარი, ქვათა ცვენის პრევენციული სამუშაოების ჩატარებაა. სამუშაოებს იუნესკოს ექსპერტი, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინჟინრო-გეოლოგიური მეცნიერებების დოქტორი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, გეოლოგიის დეპარტამენტმა განახორციელა კვლევები ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ამგებ ქანთა მინერალოგიური შედგენილობისა და სტრუქტურულ-ტექსტურულ თავისებურებათა დადგენის მიმართულებით. მსგავსი კვლევები ძეგლის შემდგომი გადარჩენის, კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებათა ჩამონათვალში ერთ-ერთი არსებითი კომპონენტია.

საერთაშორისო ექსპერტების მიერ შერჩეულ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ამგები ქანების ნიმუშებს ჩაუტარდათ კვლევა-დიაგნოსტირებითი სამუშაოები, რომელიც მოიცავდა: სამონასტრო კომპლექსის ზოგად გეოლოგიურ დახასიათებას, სამონასტრო კომპლექსის ამგები ქანების დეტალურ პეტროლოგიურ კვლევას. ქანთა სახესხვაობების სრული სტანდარტული სილიკატური ქიმიური ანალიზების ჩატარებასა და მიღებული შედეგების პეტროქიმიურ ინტერპრეტაციას. ქანთა და შესაძლო მეორადი შეცვლის პროცესების იდენტიფიკაციას. სამონასტრო კომპლექსი აგებულია ვულკანოგენური და ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნებით, რომელიც წარმოადგენს შუა-ზედა მიოცენის განმავლობაში (11-13 მლ.წ) სამხრეთ საქართველოს მთიანეთში გამოვლენილ ე.წ. „გოდერძის წყების“ სახელით ცნობილ მძლავრ ვულკანური ამოფრქვევის პროდუქტებს.

„ლითოლოგიური ნიშნით „გოდერძის წყება“ პიროკლასტურ და ლავურ ქვეწყებებად იყოფა. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია წყების პიროკლასტური ქვეწყების 40-60 მეტრი სიმძლავრის ირიბშრეებრივი ტუფების ფენაში. მაკროსკოპიული შესწავლისას ჩანს, რომ ტუფები ღია რუხი, თეთრი ან მოთეთრო მოყვითალო იერის, მსუბუქი, ფოროვანი, დეკორატიული თვისების მატარებელი ქანია. იგი ადვილად ექვემდებარება დამუშავებას და ხასიათდება შეცემენტების მაღალი ხარისხითა და გამოფიტვითი აგენტების მიმართ მდგრადობით. გარეგნული დათვალიერებით ტუფებში კარგად ჩანს ქანმაშენი მინერალების, ქანისა და თეთრი პემზის სხვადასხვა ზომის ნატეხები. მიკროსკოპული კვლევებით ვარძიის ტიპის ტუფებში ნატეხების ხასიათის მიხედვით გამოიყო: ლითოკლასტური (ქანის ნატეხებით), კრისტალოკლასტური (კრისტალებისა და მინერალების ნატეხებით), ვიტროკლასტური (ვულკანური მინის ნატეხებით) და შერეული სახესხვაობები. ტუფები ხასიათდება რთული გრანულომეტრული (ნატეხების ზომების მიხედვით) შედგენილობით. ფართო გავრცელება აქვს ფსამიტ-ფსეფიტური (საშუალო და მსხვილნატეხოვანი) ტიპის ლითოკლასტურ და ლითოკრისტალოკასტური ტიპის ტუფებს. შედარებით ნაკლები – პელიტ-ალევრიტულ (წვრილნატეხოვანი) ვიტროკრისტალურ სახესხვაობებს. სრული სილიკატური ქიმიური ანალიზის მონაცემებით ტუფების შედგენილობა ანდეზიტებს (ძირითადად) და დაციტებს პასუხობს. შეცვლის პროდუქტებიდან ფიქსირდება თიხების არსებობა. ტუფები წარმოშობით იგნიბრიტული (ignis-ცეცხლი imber-თავსხმა, მაღალ ტემპერატურაზე გავარვარებულ მდგომარეობაში შემცხვარ-შედუღებული პიროკლასტური ქანი) ბუნებისაა; დალექილია სუბკონტინენტურ, მცირე სიღრმის ტბიურ აუზის პირობებში და ცნობილია „ვარძიის ტიპის ტუფების“ სახელით.

ვარძიის ტუფებს თავზე ედება 18-25 მეტრი სიმძლავრის ტუფობრექჩიების (ვულკანური ფერფლით შეცემენტებული დაუხარისხებელი მსხვილნატეხოვანი პიროკლასტური მასალა) დასტა, რომელიც აგებულია სხვადასხვა ზომის (მაქსიმალური 50 სმ დიამეტრი), ფორმის (მომრგვალებული, დაკუთხული, უსწორმასრორო და სხვ) და ფერის (ძირითადად შავი) ნატეხებით. მიკროსკოპული კვლევით და ქიმიური ანალიზის მონაცემებით ბრექჩიების შედგენილობა ანდეზიტებს (ძირითადად) და დაციტებს შეესატყვისება“, – ასე აღწერს ბეჟან თუთბერიძე ვარძიის გეოლოგიურ სურათს.

მეცნიერის შეფასებით, ვულკანური ბრექჩიები ქმნის ციცაბო კლდოვან ფერდობს, დანაწევრებულს ნაპრალთა სისტემით და ეროზიული ხეობებით. ტუფობრექჩიების ნაპრალოვან-კლდოვან ქანებში მოძრავი სეზონური ხასიათის წყლის ნაკადებისა და ტემპერატურული ცვალებადობით გამოწვეული ეროზიული პროცესები მნიშვნელოვნად ამცირებს ქანების შეცემენტების ხარისხს, ხელს უწყობს არსებული ნაპრალების გაფართოებას, ახალი ნაპრალების გაჩენას და აჩქარებს წყების ამგები არაერთგვაროვანი ქანების შერჩევითი გამოფიტვის პროცესს, რითაც ირღვევა ფერდობის მდგრადობა-წონასწორობა და იქმნება ფერდობის ჩამოშლის, მეწყრებისა და ზვავების წარმოქმნის რეალური პირობები. აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედებით ტუფობრექჩიების წყებიდან ადგილი აქვს სამონასტრო კომპლექსის კედლებზე მცირე ზომის ნატეხების ცვენას. დღითი–დღე იზრდება ვულკანური ბრექჩიების დიდი ზომის ბლოკების ან ლოდების მოწყვეტის (ან დაცურების) რეალური საშიშროება, რაც არსებითად შეცვლის ძეგლის სტრუქტურას, მონოლითურობას და პრობლემას შეუქმნის კომპლექსის დამთვალიერებლთა უსაფრთხოებას.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც კვლევის ავტორი მიიჩნევს, „გეოლოგიური ხასიათის ბუნებრივი საფრთხეების განვითარებისა და მოქმედების შეჩერების მიზნით საჭიროა ჩატარდეს ბრექჩიული წყების ქანების ფიზიკურ-მექანიკური და კოლექტორული თვისებების, შეცვლის ხარისხისა და სიჩქარის შეფასებითი სამუშაოები. სამონასტრო კომპლექსის ციცაბო ფერდობის წონასწორობის შენარჩუნების მიზნით ტუფობრექჩიების წყებაში განვითარებულ რღვევებსა და ნაპრალებში მოძრავი წყლების გვერდითი და სირღმითი ეროზიისაგან თავის არიდების მიზნით საჭიროა გაფართოვდეს ნაკადების დინების მიმართულების მარეგულირებელი და კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამონასტრო კომპლექსის ტუფებში ქიმიური გამოფიტვის პროცესების მსვლელობის დინამიკას, რადგან პროცესის პროდუქტი-თიხები მნიშვნელოვნად ასუსტებს ქანის სტრუქტურას და ქმნის ტუფების დაშლის რეალურ წინაპირობას“.

კვლევების შედეგების პრეზენტაცია მოხდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში 2014 წლის დეკემბერში. 2014 წელს ბეჟან თუთბერიძე მონაწილეობდა XII IAEG ( International Association for Engineering Geology..) საერთაშორისო კონგრესის (Engineering Geology for Society and Territory) მუშაობაში ტურინში (იტალია). სტატია, რომელიც ვარძიის სამონასტრო კომპლექსის გეოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნა დაიბეჭდა კონგრესის შრომებში. ინდექსირებულია და შეტანილია ტომსონ რეუტერის მონაცემთა ბაზაში: Engineering Geology for Society and Territory-volume -8 Preservation of Cultural Heritage, 2015). ბეჟან თუთბერიძე 2012 და 2014 წლებში თავისი კვლევის შედეგების პრეზენტაციით გამოვიდა ვარძიის გადარჩენისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ვორქშოპსა და კონფერენციაზე. 16-19 ოქტომბერი, 2012, ვარძია; 7-9 ივლისი, 2014, ვარძია).