Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ სტუდენტს სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა
02/03/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დარბაზის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ჩოხოსან რაინდთა დასის დარბაზის წევრები, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ფილოსოფიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. 

ჩოხოსან რაინდთა დასის დარბაზის გადაწყვატილებით თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტთა წახალისების მიზნით, ქართველი ფილოსოფოსის და საზოგადო მოღვაწის სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდა. ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას ფილოსოფიის სპეციალობის (ბაკალავრიატის საფეხური) ყველაზე წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა დასმა მოგვმართა თხოვნით, რომ მზად არის სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდია გადასცენ ფილოსოოფიის მიმართულების საუკეთესო სტუდენტს. სოლომონ დოდაშვილი იყო გამორჩეული ფიგურა საქართველოს ისტორიაში, იყო დიდი მეცნიერი და მოღვაწე, რომელმაც თავი გაწირა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ბუნებრივია, ასეთი დაფასება მნიშნელოვანია და კიდევ ერთხელ, ეს არის ჩვენი ისტორიის გაახსენება და დიდი მადლობა ამისთვის საქართველოს ჩოხოსანთა დასს.“
„შარშან დავაარსეთ სოლომონ დოდაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც არ არსებობდა საქართველოში. წელს კი აღვადგინეთ მისი სახელობის სტიპენდია, რაც ერთ-ერთი დიდი სტიმული იქნება ფილოსოოფიის მიმართულების სტუდენტებისთვის და ვიმედოვნებთ ეს მომავალშიც გაგრძელდება,“- აღნიშნა სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დარბაზის მეთაურმა გოგი დოლიძემ.
2015 წლის სექტემბრიდან სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა ფილოსოფიის სპეციალობის მეოთხე კურსის წარჩინებულ სტუდენტს ფიქრია ადეიშვილს. „ჩემთვის დიდი პატივია სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნა, რომელიც გახლდათ არა მარტო ფილოსოფოსი, არამედ შესანიშნავი ფილოლოგი, ჟურნალისტი, სამართალმცოდნე. ის გულმხურვალე პარტიოტი იყო თავისი ქვეყნისა, რომლისთვისაც სიცოცხლე გაწირა. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ უდიდესი პიროვნების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა. ასეთი სახის სტიპენდიებს დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტებისთვის, რადგან ეს მეტი ენთუზიაზმით აღგვავსებს. ვიმედოვნებ, რომ სოლომონ დოდაშვილის დიდ საქმეს ჩვენ, მომავალი თაობა გავაგრძელებთ,“- აღნიშნა თსუ სტუდენტმა ფიქრია ადეიშვილმა.